გელა დაიაური: ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოში არ იკანონებს!"

გელა დაიაური: ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოში არ იკანონებს!"

"ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა უზნეობას უნდა მოვაწერო ხელი?!" ამ სიტყვებით დაიწყო ,,ივერიონთან" საუბარი პოეტმა გელა დაიაურმა.

-ბატონო გელა, საქართველოში დღეს მეტად აქტუალურია ე.წ. მოსმენების თემა. როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლების წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ აგორებული პროვოკაციაა თუ მართლა ისმენენ?
-მე თვითონ გადამხდენია ეს თავს, როცა ჩემი ტელეფონი ისმინებოდა და ამიტომ რამდენიმე ნომრის დაბლოკვა მომიხდა. ასეთი ფაქტები დასაგმობი და აღმაშფოთებელია...

-ხელისუფლება ამბობს, რომ, დღევანდელი ნანოტექნოლოგიების გამოყენებით, თუნდაც ,,ნაციონალურ მოძრაობას", შესწევს ძალა არალეგალურად მოისმინოს. ამაზე რას იტყვით?
-თუ ეს ასეა, ეს სახელმწიფოს სისუსტეზე მეტყველებს. როცა სახელმწიფოს ,,სხვა" უსმენს, უხერხულია. ეს არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან, შეიძლება, რაღაცის გადაფარვის მიზეზი უფრო იყოს, თორემ ისე ხელისუფლება არავის არაფერს მოასმენინებს!..

-მოგეხსენებათ, რომ პარლამენტმა დაამტკიცა ანტიდისკრიმინაციული კანონი. მალე 17 მაისი მოდის... თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
-ეს კანონი მართმადიდებლობისთვის მიუღებელი ჟესტია.ამით საზოგადოების უმრავლესობის უფლება კი არა ზნეობის კანონები ილახება, ზოგადად. პარლამენტში ზის ხალხი, რომლებიც ვერ აზროვნებს, რადგან პატრიარქის წინააღმდეგ მიდიან. ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა უზნეობაზე უნდა მოვაწერო ხელი?!

-როგორ ფიქრობთ, ის ხელ-ფეხს გაუხსნის  ,,უმცირესობას" და საზოგადოების უმრავლესობის უფლებებს შელახავს?
-ეს კანონი რომც მიიღონ, მაინც არ დაკანონდება და არც იკანონებს. ,,ეს" საქმე ყოველთვის ჩუმად კეთდებოდა და ისევ ჩუმად გაკეთდება. სამწუხაროა, რომ ქართულმა პარლამენტმა  აღიარა ეს კანონი, თორემ მისი მიღებით დიდი არაფერი შეიცვლება ქართულ ტრადიციაში.
-ბატონო გელა, თქვენ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ. როგორ ფიქრობთ, მოახერხებს ნაც რეაბილიტაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საპატიო მეორე ადგილის ამჯერადაც მოპოვებას?
-უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს დღესაც. 30 კაცის მიერ ჩადენილი არადემოკრატიული საქციელის გამო, არ შეიძლება ამ პარტიას არსებობის საშუალება არ მიეცეს. თუ ,,ნაციონალური  მოძრაობა"  გადაახალისებს თავის რიგებს ახალი, სუფთა ადამიანებით , რატომაც არ შეიძლება შანსი მიეცეს?!

-რეალობიდან გამომდინარე, აქვს თუ არა გამარჯვების შანსი არასაპარლამენტო ოპოზიციას?
-ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია ხომ ინდა იყოს? ასეთად ჯერ-ჯერობით მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობა" მოიაზრება.
-რა ინფორმაციას ფლობთ კოალიციაში არსებულ შიდადაპირისპირების შესახებ?
-აქა-იქ მყავს რამდენიმე მეგობარი და ვიცი, რომ იქ ყველას სკამი, პრივილეგიები  თუ გამგებლობა უნდა. ამიტომ დაობენ. ,,ჩაწყობები" აშკარად გაძლიერდა, რაც წინა ხელისუფლების დროს დაკნინებული იყო.
- რას ემსახურება დღევანდელი ქართული მწერლობა?
- როცა ნამდვილი პოეტი და მწერალი ხარ, შენი ქვეყნის სატკივარი არ გასვენებს. ასეთი  ბევრი ახალი შემოქმედი გამოჩნდა, რომლებსაც საზოგადოება არც იცნობს. როგორც ჩანს, დღეს მწერლობა არაპოპულარული ,,ხელობაა".
- რა გადაწყდა მუცოს აღდგენასთან დაკავშირებით. შეძლებს თუ არა სახელმწიფო მის რეაბილიტაციას?
- ხშირად აიგივებენ მუცოს თემას საყდრისთან, არადა საყდრისი ახალი პრობლემაა, მუცო კი 15 წელია რეაბილიტაციას ელის. ხარჯთაღრიცხვაც გაკეთებულია. ის კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი. სახელმწიფოსთვის, წესით, საამაყო უნდა იყოს მისი აღდგენა. ჩინოვნიკები მრავალათასიანი მანქანებით დადიან და მუცოს აღსადგენად კაპიკებს რიცხავენ. ჩვენ ვგეგმავთ მშვიდობიან აქციებს, რათა პოლიტიკოსებს კეთილი ნებით ვაიძულოთ მუცოს აღდგენა.

                                                                                        ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: