Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (11)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
16-05-2014, 14:15
ნანახია: 2222

მარიამ რამინაშვილი: ,,თბილისის მსხვილ საჯარო სკოლებში ,,53-ის სცენარი


,,ვფიქრობ, სასამართლომ უპირობოდ უნდა გამამართლოს!" გვესაუბრება 53-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მარიამ რამინაშვილი.

-ქალბატონო მარიამ, არ ცხრება აჟიოტაჟი 53-ე საჯარო სკოლის გარშემო, რომელსაც, სამწუხაროდ, ნეგატიური მიმართულება მიეცა. როგორ ფიქრობთ, ,,ვიღაცის" ინტრიგებს შეეწირა მარიამ რამიშვილი?!
-ჩემთვის დღემდე აბსოლოტურად გაუგებარია, რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. უფრო გასაოცარია, მინისტრმა რომელი კანონის საფუძველზე გადაწყვიტა ასე.
-თქვენ აცხადებთ, რომ შეიძლება პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, ახალდანიშნულ დირექტორს კი მოსწავლეები და სკოლის პედკოლექტივი ამრეზით უყურებს. ეს ყველაფერი სასკოლო პროცესზეც აისახა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
-დღეს რა ხდება სკოლაში, არ ვიცი. ის კი ზუსტად ვიცი, რომ სასწავლო პროცესი უნდა შედგეს, რადგან იქ არსებული არეულობის გამო მოსწავლეები ზარალდებიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად შეეგუებიან იქაურ სიტუაციას. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩემთან ერთად ელოდებიან!..
-სკოლა არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკური ინტრიგებისთვის შეიძლება გამოიყენო. მით უმეტეს, საქართველოს განათლების სისტემა სტანდარტებთან შედარებით არაადეკვატურია. რა საჭირო იყო დამატებითი პრობლემების შექმნა?
-ასეთი გადაწყვეტილებით სკოლაში სიტუაციას რომ არევდა და იქ ნებისმიერი ახალი სუბიექტის გადირექტორებას რომ ვერ შეეგუებოდნენ, მინისტრმაც ხომ იცოდა?! საოცარი ის არის, რომ ეს მოახერხა აპრილში, როცა ნორმალური სკოლა ახალ მასწავლებელსაც კი არ აიყვანს, არათუ დირექტორს გამოცვლის! ესეც რომ არა, სიტუაცია შეიძლება იმიტომ იყოს არეული, რომ ახალი დირექტორი სკოლის საქმეებს ადვილად ვერ გაართმევს თავს.
-ქალბატონო მარიამ, საუბრობდნენ იმაზეც, რომ თქვენს ზურგსუკან  ,,ნაციონალები" დგანან და ამიტომ გაგათავისუფლეს...
-მე არა მარტო სკოლის დირექტორი, განათლების ექსპერტიც ვარ და დღემდე ვერ გავაანალიზე, რა მიზეზით მომხსნეს! განათლების სამინისტროს ასეთი ნაბიჯი უგუნური იყო, რაც მათ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. რაც შეეხება ჩემს ,,ნაციონალებთან" ურთიერთობას, ეს იყო ჩვეულებრივი თანამშრომლობა სკოლის დირექტორსა და სახელმწიფოს შორის. სხვათა შორის, ყველაზე მეტად ეს საკითხი აინტერესებდა სამინისტროს, თუმცა ,,ზედმეტი"  ვერაფერი დამიმტკიცეს.
-სამეურვეო საბჭო, პედკოლექტივი, მოსწავლეები და მათი მშობლები გახასიათებენ, როგორც 53-ე საჯარო სკოლის  რეფორმატორ დირექტორს. თუ სასამართლომ არ გაგამართლათ, რა ზომებს მიმართავენ თქვენი მხარდამჭერები და როდის დასრულდება ეს აიწონა-დაიწონა?
-ჩემი სკოლის პედკოლექტივი არ შეეგუება ჩემს გამტყუნებას, რადგან ის  ,,დარღვევები" და ,,ბრალდებები", რაც მე  ,,აღმომიჩინეს" და წამიყენეს, თითიდან გამოწოვილია და ყველა საჯარო სკოლის დირექტორს შეიძლება აღმოაჩნდეს. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ საჯარო სკოლას დარღვევის გამოსასწორებლად 1-თვიანი წინასწარი ვადა ეძლევა. მე ეს ვადაც არ გამომიყენებია. ვფიქრობ, სასამართლომ უპირობოდ უნდა გამამართლოს!
-როგორ ფიქრობთ, მაინცდამაინც თქვენი სკოლის  შემოწმება რატომ გადაწყვიტა განათლების მინისტრმა. ეს პირადი  დაინტერესების საფუძველზე მოხდა?
-ეჭვი მაქვს, რომ ასეც იყო, თუმცა ყველამ გაითვალისწინოს, ეს არ არის მხოლოდ ჩემი და ჩემი სკოლის პრობლემა -  ეს სცენარი ჯერ 51-ე საჯარო სკოლაში გაითამაშეს, შემდეგ 1-ელ კლასიკურ გიმნაზიაში და 1-ელ ექსპერიმენტულში, ახლა -  53-ში. თბილისის მსხვილ საჯარო სკოლებში ,,53-ის სცენარი" ლოგიკურად გაგრძელდება!

P.S. "ივერიონი" დაპირისპირებულ მხარესთან ინტერვიუს მალე შემოგთავაზებთ.

ესაუბრა ია ჯღარკავა