Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (11)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
22-05-2014, 12:29
ნანახია: 4908

დაშლის თუ არა ლევან ვასაძე დღევანდელ ხელისუფლებას ?!

საზოგადოება შოკში ჩააგდო ლევან ვასაძის ცნობილმა მიმართვამ ხელისუფლებისადმი - მან გაბედულად დააფიქსირა თავისი პოზიცია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ და დღევანდელი პარლამენტარები ფაქტიურად სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა.

დიახ, მან პირდაპირ დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი და თავის მიმართვაში იმ დამანგრეველ შედეგებზეც ისაუბრა, რა შედეგიც შეიძლება მიიღოს ქვეყანამ აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ.

ლევან ვასაძის ღია განცხადება ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა ესაუბრო საკუთარ ხელისუფლებას, რომელმაც ზურგი აქცია ერის მენტალობას და ტრადიციებს. მან ლოგიკურად დაამსხვრია მითი აღნიშნული კანონის „უწყინარობაზე“ და პირდაპირ შეახსენა ოპონენტებს, რომ ამას შემდგომში ერთსქესიანთა ქორწინებისა და მათი მხრიდან ბავშვის შვილად აყვანის მოთხოვნის დაკანონება მოჰყვება!

მიმართვის ავტორი თვლის, რომ ის, რაც ბედოვლათმა კანონმდებლებმა თავს მოახვიეს საქართველოს, არ არის წმინდა ევროპული ღირებულებები, პირიქით, „დასავლეთის ჯანმრთელი მხარეების ჩანაცვლება ხდება ნეოიდეოლოგიით!“

ვასაძე იმოწმებს ევროპული ოჯახის ინსტიტუტის დამცველების გაფრთხილებას, რომ „ან ახლავე უნდა ამოვძირკვოთ სარეველა ბოსტნიდან, ან დავიღუპებით!“

ისმება კითხვა: ხომ არ არის გადაჭარბებული მოლოდინი ქართველი მილიონერის სიტყვებში, რამდენად გულწრფელია იგი და ვინ არის ამ მიმართვის მთავარი ადრესატი - ხელისუფლება, რომელმაც არ შეისმინა საზოგადოების და ეკლესიის პოზიცია, თუ მართლმადიდებელი მრევლი, (რომელმაც უნდა გააცნობიეროს საით მივდივართ და საჭირო პრევენციები წინასწარ გაატაროს?

მიუხედავად იმისა, რომ ვასაძეს პრორუსული ორიენტაციის იარლიყი უკვე მიაკერეს, საკუთარ მიმართვაში იგი ღიად აფიქსირებს, რომ ერთი ბატონის ქვეშიდან გამოსულებმა მეორე ბატონის ძებნა არ უნდა დავიწყოთ - ჩვენ თანაბრად მეგობარი ქვეყანა უნდა ვიყოთ რუსეთისთვის და დასავლეთისთვისაც და ამისთვის საკუთარი გეოსტრატეგიული მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ!..

თუმცა, მიმართვის ავტორი არ აკონკრეტებს, როგორ  გამოვიდეთ „ერთი ბატონის ქვეშიდან“ და იქნება თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება ამ „ქვეშიდან“ გამოსვლის უტყუარი ნიშანი...

ვასაძე არ უერთდება ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოწვეულ აღტაცებას და კატეგორიულად აცხადებს, რომ საქართველო ვერასდროს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი და ეს მხოლოდ სატყუარაა (ამის თვალსაჩინო მაგალითად თურქეთი მოჰყავს, რომელმაც ანალოგიურ ხელშეკრულებას 1954 წელს მოაწერა ხელი). ამასთან, ძალიან ბევრია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც ეს კანონი დღემდე არ მიუღიათ, ქართველმა კანონმდებლებმა კი „თადარიგი“ წინასწარ დაიჭირეს და ამით შეურაცხყოფა მიაყენეს საკუთარ ერს!

მიმართვის ავტორი საკმაოდ ნეგატიურ პროგნოზებს აკეთებს და აცხადებს, რომ თუ ეს კანონი დროზე არ გაუქმდა, უბედურება დატრიალდება საქართველოში.

სად არის გამოსავალი? ამ კითხვაზე პასუხს თვითონვე იძლევა: ჩვენი ქვეყნის მხსნელები ჩვენვე უნდა ვიყოთ - „ამოვიღოთ ხმალი და ვიბრძოლოთ და თავზე დავამხოთ იმ ხალხს, რომლებმაც კანონის მიღებით გაყიდეს საქართველო!“

მართალია, ქარქაშიდან ხმლის ამოღება მეტაფორად შეიძლება აღვიქვათ, მაგრამ ეს პირდაპირი მოწოდებაა, რომ საზოგადოება ამ უმსგავსობას არ უნდა შეურიგდეს, უკიდურესი ზომების მიღებაც რომ დასჭირდეს!

მიმართვა საკმაოდ მძაფრი ეპითეტებითაა (ბრალდებებითაა) დამუხტული და საზოგადოების ემოციებზეა გათვლილი: „თქვენ შეარცხვინეთ საქართველო 30 მილიონი კავკასიის წინაშე, სადაც მას ოდითგანვე ზნეობის და ღირსების ეტალონად და ლამპრად აღიქვამდნენ“, „თქვენ უკადრებელი აკადრეთ ხალხს“, „თქვენ სამშობლო გაგიწყრებათ“, „ამ კანონის მიღებით თქვენ საქართველოში ყველაზე სამარცხვინო საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ბრძანდებით“ და სხვ.

თუმცა, ეს არ არის მთავარი, მთავარია, რა მიზანს ემსახურება ვასაძის ცნობილი მიმართვა- როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მან მხოლოდ ორთქლი გამოუშვა და ამით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ერთხელ კიდევ მოექცა, თუ ავტორს შორსგამიზნული მიზნები აქვს და ამაზე არ გაჩერდება!

 

როცა მგლებიც კურდღლებად იქცევიან!

 

ვასაძის მიმართვამ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. მასზე პასუხის გაცემა ექსპერტებისა და პოლიტოლოგების საქმეა, თუმცა, ამ შემთხვევაში, არაორდინალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე - ყველაზე ენაგალავაშებული ექსპერტებიც და პოლიტიკოსებიც კი კომენტარისგან თავს იკავებენ. მათ შორის ყველაზე გაბედული პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე აღმოჩნდა, რომელმაც ობიექტურად შეაფასა ვასაძის მიმართვის ქვეტექსტები და სათანადო დასკვნაც გამოიტანა.

მისი თქმით, ვასაძე ჰაერში არასდროს არ ისვრის სიტყვებს და ისიც იცის, როდის რა თქვას. პოლიტოლოგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ვასაძის პოლიტიკურმა გააქტიურებამ შეიძლება საქართველო რუსულ ორბიტაზე გადაიყვანოს!

პირადად ჩემთვის უცნობია, რას უნდა ნიშნავდეს ქართველი ექსპერტ-პოლიტიკოსების დუმილი - იმას, რომ მოვლენების წინ გასწრებით ვასაძე არ მოიმდურონ, თუ მათი პროფესიონალიზმი და ინტელექტუალური რესურსები მეტს ვერ ქაჩავს და შიშობენ, თავიანთი „პროგნოზებით“ საერთოდ არ მოიჭრან თავი საზოგადოებაში!

ხოლო, ვინც ხმა ამოიღო და ვასაძის მიმართვის ზერელე შეფასება სცადა, მხოლოდ რამდენიმე ეპითეტით შემოიფარგლა და როგორც მოსალოდნელი იყო, იგი პრორუსულ ორიენტაციაში დაადანაშაულა!..

მე კი პირიქით მგონია, ბევრისგან განსხვავებით, რომლებსაც თავი კიტრად მოაქვთ და საქართველოს ჭირისუფლის მანტიას ირგებს, ვასაძე ჭეშმარიტად ქართული მოვლენაა თავისი ქართული მენტალობით და ტრადიციებისადმი ერთგულებით.

თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იგი ახალ პოლიტიკურ ლიდერად ვაღიაროთ. ერთია მოვლენის პიროვნული შეფასება, რომელიც თავისთავად გარკვეულ რისკებსაც შეიცავს და მეორე, ამ მიმართვის შემდეგ ჩააგებს თუ არა იგი ხმალს ქარქაშში, თუ საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს ბოროტების ამოსაძირკვად.

 

საჭიროა თუ არა კიდევ ერთი მილიონერი პოლიტიკაში?

 

ივანიშვილის ფაქტორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მილიონერ-მილიარდერები ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მან ხალხი აიყოლია და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ფორმალურად მაინც მოაშორა სახელისუფლებო ბერკეტებს, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და ვერც ის დაპირებები შეასრულა, რომელიც წინასაარჩევნოდ ფოჩიანი კანფეტებივით დაარიგა და რომლის შესრულებას საზოგადოება დღესაც ამაოდ ელოდება!

მითი, რომ ივანიშვილი ზოგ-ზოგიერთებივით არ ჩაებღაუჭა ხელისუფლებას და დროზე გაერიდა პოლიტიკას, უკვე ბოლომდე გაიშიფრა - მან ან ვერ გაუძლო გარეშე ძალების წნეხს, ან დავალება შეასრულა და აიძულეს განზე გამდგარიყო. ყოველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ნაღმზე შემდგარი მმართველი კოალიცია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება „აფეთქდეს“ და ქვეყანა ახალი თავსატეხის წინაშე დააყენოს.

უკვე აღარაფერს ვამბობ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ შიდა დაპირისპირებებზე... ივანიშვილის მაგალითი აშკარად ცხადყოფს, რომ რაც არ უნდა კეთილი ზრახვები ამოძრავებდეს ადამიანს, რომელსაც მხრებზე მილიარდები აქვს აკიდებული, იგი ყოველთვის დადგება მკაცრი არჩევანის წინაშე - ან ფული და ამქვეყნიური კეთილდღეობა, ან საკუთარი ხალხის ბოლომდე სამსახური და სასწორზე დადებული ფულიც და სიცოცხლეც!

ეჭვი არ არის, ივანიშვილმა პირველი ვარიანტი აირჩია და ადამიანურად არც გაემტყუნება! სხვა საკითხია, რამდენად იმედგაცრუებული დარჩა მის კალთებს მინდობილი საზოგადოება.

იგივე დილემის წინაშე დადგება ლევან ვასაძეც, თუ იგი პოლიტიკურ ლაბირინთებში ბოლომდე გადაეშვება და უკან დასახევ გზას არ დაიტოვებს.

მის მიერ „ქორთიარდ მერიოტში“ გაჟღერებული მიმართვა ნათლად ეხმიანება საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის გულისტკივილს თუ გულისთქმას, მაგრამ ჩვენთვის უფრო საინტერესოა, ამ სიტყვების უკან დგას თუ არა ბოლომდე ხმაშემართული ლევან ვასაძე, თუ იგი მხოლოდ საზოგადოების გამოფხიზლებას ემსახურება?!

ვასაძე ივანიშვილისგან საკმაოდ განსხვავებული ფენომენია. ეს განსხვავება უპირველესად მენტალობაში და ტრადიციებისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება. საგულისხმოა ისიც, რომ მიმართვის ავტორი (ვასაძე) ორთოდოქსი ქრისტიანია, რომელიც მას ნებისმიერი პოლიტიკოსებისგან გამოარჩევს.

იგი ივანიშვილისგან იმითაც განსხვავდება, რომ მას ქველმოქმედების მასშტაბებით ჯერ-ჯერობით თავი არ გამოუჩენია - საზოგადო მოღვაწეებისთვის არც პრემია-ხელფასები დაუნიშნავს და არც გრანდიოზული ტაძარი აუგია, ანუ, იგი ამ მხრივ წინასწარ მომზადებული არ შემოსულა პოლიტიკაში და პოლიტიკური დივიდენდები არ უგროვებია!..

დანამდვილებით არავინ იცის, აპირებს თუ არა ლევან ვასაძე პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას და იქნება თუ არა იგი მესამე პოლიტიკური ცენტრის ლიდერი, რომლის აუცილებლობაზე კარგახანია საუბრობენ საქართველოში, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ენდობა თუ არა მას ივანიშვილისგან მოტყუებული ხალხი, რომელიც შუა გზაზე მიატოვეს...

მიუხედავად იმისა, რომ ვასაძის პოლიტიკურ განცხადებაზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებას ერიდებიან, საზოგადოებაში დაგროვდა კითხვები, რომელზეც პასუხს, ალბათ, უახლესი მომავალი გასცემს, კერძოდ:

  • ·        რეალურად შეიქმნება თუ არა ახალი პოლიტიკური ცენტრი და რომელ ძალებს დაეყრდნობა იგი, იქნება თუ არა ბურჯანაძის ადგილი ამ გაერთიანებაში?

 

  • ·     ივანიშვილისგან განსხვავებით ხომ არ მოგვევლინება იგი დირიჟორის როლში და ვინ შეიძლება ვიხილოთ ახალ ლიდერად პოლიტიკურ ავანსცენაზე?

მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ, თუმცა დიდი სურვილი მაქვს ვასაძის მწვავე პოლიტიკურმა განცხადებამ ორთქლის გამოშვების ფუნქცია არ სეასრულოს!

ზაურ ნაჭყებია