Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (11)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
11-06-2014, 14:51
ნანახია: 1210

რატომ ვირჩევთ დავით ნარმანიას და რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძე?!

თბილისი ახალი მერის მოლოდინშია. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ივანიშვილის ფავორიტი დავით ნარმანია აუცილებლად გაიმარჯვებს. თუმცა, არ აკონკრეტებენ, ეს გამარჯვება პირველივე ტურში იქნება თუ არა.

თუ საზოგადოების (ამომრჩევლის) განწყობით ვიმსჯელებთ, საარჩევნო მარათონი საკმაოდ დაძაბული იქნება- რომ არაფერი ვთქვათ, „ნაციონალების“ კანდიდატზე ნიკა მელიაზე, ნარმანიას საკმაოდ ღირსეული კონკურენტი ჰყავს დიმიტრი ლორთქიფანიძის სახით, რომელიც ნინო ბურჯანაძესთან ასოცირდება და საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით აუცილებლად აისახება მის შედეგებზეც.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნამდვილად არ იქნება ერთპარტიული არჩევნები, ანუ, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სახელისუფლო კანდიდატს არჩევნებში წინასწარ ჰქონდა გარანტირებული იმდენი პროცენტი, რამდენსაც თავად ხელისუფლება ისურვებდა. ეს ფაქტორი დღევანდელ ხელისუფლებას აუცილებლად  პოზიტივში უნდა ჩაეთვალოს!.

მაინც როგორი იქნება არჩევნების შედეგები?

პოლიტოლოგები და ექსპერტები ურთიერთგამომრიცხავ პროგნოზებს „წინასწარმეტყველებენ“ და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბევრ მათგანს კონიუნქტურის სუნი ასდის.

პოლიტიკური და საარჩევნო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნი კახი კახიშვილი „ივერიონთან“ საუბარში აცხადებს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად აქტიური იქნება თავად ამომრჩეველი. მისი აზრით, თუ საარჩევნო ყუთთან მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ამომრჩევლები მივლენ, მაშინ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარანტირებული იქნება და თბილისის მერის არჩევნებშიც ივანიშვილის ფავორიტი დავით ნარმანია სასურველ შედეგს პირველივე ტურში მიაღწევს.

თუ ზოგადად ამომრჩევლის განწყობით ვიმსჯელებთ, კარსმომდგარი არჩევნებისადმი ინტერესი საკმაოდ დაბალია - საზოგადოების არამოტივირებულ (პოლიტიკურად ნეიტრალურ) ნაწილს არ აინტერესებს, ვინ გახდება საკრებულოს დეპუტატი, დაახლოებით იგივე განწყობაა დასახელებული მერებისა და გამგებლების მიმართ, ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ 16 ივნისს არჩევნებში ამომრჩეველი საკმაოდ პასიური იქნება, რაც სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. უმთავრესი მაინც ის არის, რომ საზოგადოების აზრით, ადგილობრივი ხელისუფლება არ ქმნის პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში და ყოველთვის ყურადღების ვექტორი საპარლამენტო და საპრეზიდენტო  არჩევნებზეა გადატანილი!..

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინტერესი დაბალია, არჩევნებისადმი დამოკიდებულება ცენტრსა და რეგიონებში მაინც განსხვავებულია. ამჯერად თბილისზე შევჩერდები.

ძნელი სათქმელია, თბილისის მერის არჩევნების შედეგები პირდაპირ აისახება თუ არა პარტიული ნიშნით საკრებულოს შედეგებზე, მაგრამ აჟიოტაჟი მაინც მერის კანდიდატურებს უკავშირდება.

სხვადასხვა ვერსიებიდან ყველაზე ახლოს დგას კახი კახიშვილის განცხადება, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის აუცილებლობა დამოკიდებული იქნება თვით ამომრჩევლის აქტიურობაზე.

მართალია,  დავით ნარმანია მმართველი კოალიციის კანდიდატია, მაგრამ კონკურენცია რომ აშკარაა, მტკიცება არ სჭირდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის ფავორიტი არ გაიმარჯვებს!

გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შეთანხმებულიყო. თუ „ჭ“ კლასის პარტიებისგან დასახელებულ კანდიდატებს არ მივიღებთ მხედველობაში, საარჩევნო ხმები აშკარად გაიყოფა. ამ შემთხვევაში ნარმანიას რეალური კონკურენტები დიმიტრი ლორთქიფანიძე და ნიკა მელია იქნებიან, რომელთაც ნამდვილად ჰყავთ მოტივირებული ამომრჩეველი.

იმის გათვალისწინებით, რომ ნიკა მელია „ნაციონალების“ მიერ დასახელებული კანდიდატია, ფრიად საეჭვოა მან მეორე  ტურისთვის საჭირო ბარიერთან მიახლოება შეძლოს, თუმცა პოლიტიკურად მოტივირებული ამომრჩევლის წყალობით საკმაო ხმებს მაინც წაიღებს!

გაცილებით მეტი შანსი აქვს დიმიტრი ლორთქიფანიძეს - რომ არა მისი ნინო ბურჯანაძესთან „წილნაყარობა“, ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა სახელისუფლო კანდიდატს და არ იყო საეჭვო, რომ მეორე ტურის მოწმენიც გავმხდარიყავით. მე ადრე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: დიმიტრი ლორთქიფანიძე უდაოდ პოზიტიური პიროვნებაა - კარგი იურისტი, ტრადიციების ერთგული ქართველი და მრავალშვილიანი ოჯახის მამა, მაგრამ მან ამ „იძულებითი“ ნაბიჯით დარტყმის ქვეშ დააყენა საკუთარი შესაძლებლობები - დიახ, იგი მაინც ბურჯანაძე-ქრისტიან-დემოკრატებთან ასოცირდება, რომელთა მიმართ საზოგადოებას არც თუ ისე პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნია.

რაც შეეხება  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, ჩემს კოლეგას ირმა ინასვილს, მიკვირს რატომ გაუჩნდა მას პრეტენზია თბილისის მერობაზე?! მიუხედავად იმისა, რომ იგი უდაოდ ნიჭიერი და რისკიანი პიროვნებაა, თბილისის მერობა სულ სხვა ტვირთია და ამ ტვირთის ზიდვისას მხოლოდ პოლიტიკური ამბიციები საკმარისი არ არის - აუცილებლად საჭიროა სათანადო მენეჯერული გამოცდილება და მინიმუმ დედაქალაქის სტატუსის ელემენტარული ცოდნა.

ამ ბოლო დღეებში ქალბატონმა ირმამ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები (როგორც ითქვა, გამოკითხულ იქნა 40 000 მეტი საქართველოს მოქალაქე), სადაც დაფიქსირებულია, რომ „ნაციონალების“ რეიტინგი 6 პროცენტამდე დაეცა, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს რეიტინგი 30 პროცენტამდეა ასული - „ნაციონალების“ რეიტინგის კლება შეიძლება არ იყოს საკამათო, მაგრამ ამ ფონზე „პატრიოტების“ აღზევება ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება. ეს უკვე ნიშნავს, რომ მათი სახით საქმე გვაქვს მესამე პოლიტიკურ ცენტრთან, რაც ასე ნამდვილად არ არის. ეს ისე, სხვათაშორის...

 

როგორი მერი სჭირდება თბილისს?!

 

მართალია დავით ნარმანია ქარიზმატული (პოლიტიკური) ფიგურა არ არის, მაგრამ ის მენეჯერისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს. მე მკაცრად ვემიჯნები იმ ადამიანებს, ვინც აცხადებს, რომ თბილისის მერი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს. არამც და არამც- ქალაქის მართვას კარგი მენეჯერი სჭირდება და არა ენაგატლეკილი ე.წ. პოლიტიკოსი, რომლის სამუშაო საათები მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით ისაზღვრება და არც მეტი, არც ნაკლები საკუთარი პოლიტიკური პარტიის მძევალია.

აქვე მახსენდება ნიკა მელიას სიტყვები დავით ნარმანიას მიმართ, რომ იგი „პატიოსანი კაცია, მაგრამ ძალიან, ძალიან დამოკიდებული პიროვნებაა“.

დიახ, ნარმანიაც, ისევე როგორც მელია და ლორთქიფანიძე (და სხვა დასახელებული კანდიდატებიც) საკუთარი პოლიტიკური ძალის ქვეშევრდომები არიან და არც შეიძლება ჰქონდეთ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, მაგრამ მათგან განსხვავებით ნარმანიას აქვს მმართველი კოალიციის მხარდაჭერა, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან საჭიროა. მათგან განსხვავებით ნარმანია არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ კარგი მენეჯერია, მას აქვს ყველა ის ადამიანური თვისებები, რომელიც საჭიროა დედაქალაქის მართვისთვის და, რაც მთავარია, მას ყველაზე ნაკლებად აინტერესებს (სჭირდება) ალბათ, დედაქალაქის მერობა, მაგრამ ხშირად დავალებების შესრულებაც გვიწევს და ამ მხრივ ისიც ვერ იქნებოდა გამონაკლისი.

ისმება კითხვა: ნიშნავს თუ არა პირველივე ტურში ნარმანიას შესაძლო გამარჯვება თბილისის მერის არჩევნებში, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგი ისევ მაღალია? მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა - საუკეთესო პასუხი საქართველოს მასშტაბით არჩევნების საერთო შედეგი იქნება.

ზაურ ნაჭყებია