Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (2)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
6-07-2014, 09:24
ნანახია: 1252

ნიკოლოზ მეტრეველი:-

    "მოვუწოდებ ხელისუფლებას იზრუნოს დატაცებული მილიარდების დაბრუნებაზე და დროული ინფორმაცია მიაწოდოს ხალხს, თუ როგორ მიმდინარეობს ამ თანხების დაბრუნების პროცესი. ამ დროისათვის ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას არცერთი თეთრის დაბრუნების შესახებ. გარწმუნებთ, დატაცებული მილიარდების თემა სულ უფრო მწვავე გახდება".

   დღეს საქართველო საკმაოდ დაძაბული რიტმით ცოცხლობს, მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება და იცვლება, რომ საზოგადოებას დაჩქარებული ტემპით უწევს ცხოვრების ფერხულში ჩაბმა. რას ფიქრობენ განვითარებულ მოვლენებზე, არჩევნების მეორე ტურზე და როგორი უნდათ იყოს ქვეყანა ახალგაზრდებს? რამდენად აქტიურად არიან მომავლის მოქალაქეები ქვეყნის ცხოვრებაში ჩაბმულნი და სად ხედავენ თავიანთ თავს მომავლის საქართველოში?  ამ თემაზე "ივერიონი"ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის  საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნიკოლოზ მეტრეველს ესაუბრა.

 

   -თქვენ, საზოგადოებისთვის   ცნობადი და აქტიური ახალგაზრდა ხართ. თითქმის ყველა საკითხზე გქონდათ გამოხმაურებები, თუმცა საკმაოდ საინტერესოა როგორ აფასებთ ბოლო დროინდელ მოვლენებს, მოდით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დავიწყოთ. რა დადებითი და უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს ეს ხელშეკრულება მომავლის საქართველოსთვის?

   -ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმება უდაოდ სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ქვეყანა პირველ რიგში მზად იქნება გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ის გვანიჭებს. ბალტიის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მაფიქრებს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში მიიგრაციის შესაძლო  ზრდა. ნუ დავივიწყებთ, ქართველები გაეროს გაქრობადი ერების სიაში ვართ.

   -საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მუსირებს აზრი, რომ ამ ხელშეკრულებით საქართველოში გაძლიერდება უმცირესობის უფლებების დაცვა და ჰომოსექზუალიზმის დასაბამი გახდება. 

   -ასოცირების ხელშეკრულება ჰომოსექსუალიზმის დასაბამი ვერ გახდება. საქართველოში უმცირესობების წარმომადგენლებს  ხელს არავინ უშლის იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ. ამავდროულად მე,  როგორც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ნებისმიერი აგრესიული პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ.

   -დღეს საკმაოდ აქტიური თემაა გიგი უგულავას დაკავება და ბაჩო ახალაიასადმი ბრალის დამძიმება.

   -სოციალური მშვიდობა არ არსებობს სამართლის გარეშე. ქართული საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნაა, ყველა დამნაშავის დასჯა. მოვუწოდებ ხელისუფლებას იზრუნოს დატაცებული მილიარდების დაბრუნებაზე და დროული ინფორმაცია მიაწოდოს ხალხს, თუ როგორ მიმდინარეობს ამ თანხების დაბრუნების პროცესი. ამ დროისათვის ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას არცერთი თეთრის დაბრუნების შესახებ. გარწმუნებთ, დატაცებული მილიარდების თემა სულ უფრო მწვავე გახდება.

   -არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი ცნობილია. "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ცეესკომ კანონდარღვევით დანიშნა თარიღი და აპირებენ გასაჩივრებას, როგორ ფიქრობთ რამდენად მართებულია მათი საჩივარი?

   -არ ვიქნებოდი წინააღმდეგი მათი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების, მაგრამ კანონი კანონია და ამას "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ უნდა შეეგუოს.

   -რას ელით მეორე ტურისგან და როგორია თქვენი პროგნოზი?

   -"ნაციონალური მოძრაობის" აგრესიულმა ტაქტიკამ კარგი საჩუქარი გაუკეთა "ქართულ ოცნებას"  და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მოხდება ამომრჩეველთა მობილიზაცია, თუმცა საკუთარი ამომრჩევლების პასიური მდგომაროებიდან გამოყვანისათვის თვითონაც ბევრი უნდა იმუშაონ. სიმპტომატურია ჩვენი მოქალაქეების ინდიფერეტიზმი, ხელისუფლება ბევრად ახლოს უნდა იყოს ხალხთან.  

   -თუმცა მეორე ტურამდე ნარმანიასა და მელიას შორის დებატების ხილვა გველის, რა შეიძლება უთხრან მათ საზოგადოებას ახალი, ან ისეთი, რაც ამომრჩეველს საარჩევნო ურნამდე მიიყვანს? თქვენ რა კითხვას დაუსვამდით მათ?

   -ბატონ მელიასთან კითხვები სამართალდამცავებს უფრო შეიძლება ჰქონდეთ. რაც შეეხება პროფესორ დავით ნარმანიას, ვთხოვდი, დაესახელებინა თბილისის განვითარების სამი ძირითადი კონკრეტული, პრიორიტეტული პროექტი და ასევე ეთქვა, თუ რას გააკეთებს როგორც მერი უნივერსიტეტებისათვის, მათ შორის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისათვის. მან ხომ მშვენივრად იცის, თუ რამდენიი პრობლემაა დაგროვილი ამ სფეროში.

   -საკმაოდ აქტუალურია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. თქვენ მომავლის საქართველოს მოქალაქეებს, როგორ გესახებათ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა?

   -საქართველო-რუსეთის ურთიერთობა თავის აქტუალობას არასდროს არ დაკარგავს. ვიზიარებ ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას: ეს არის ქართველი ერის არჩევანის უპირობო პატივისცემა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთან ისტერიული რიტორიკის დასრულება. მხარს ვუჭერ მრავალმხრივ დიალოგს, პირველ რიგში იმ ახალგაზრდა რუს ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან, რომლებმაც  სულ მალე თავისი ქვეყნის მომოვალი უნდა განსაზღვრონ. 

   -დღეს ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი პასიურია, თითქოს არც კი უნდათ ქვეყნის სასიცოცხლო პროცესებში ჩართვა, თუ ვცდები?

   -ახალგაზრდობის აქტიურობის გარეშე ქვეყანას მომოვალი ვერ ექნება, ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას თხოვნით, გაცილებით მეტი დრო დაუთმოს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია მის რეალიზაციას. ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამ კუთხითაც სერიოზულ ვალდებულებებს გვაკისრებს. კარგია,  რომ 2014 წელი პრემიერმა ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.

   -როგორი უნდა იყოს საქართველო, რომ ახალგაზრდებს სხვა ქვეყანაში წასვლის და ცხოვრების სურვილი არ გაუჩნდეთ?

   -დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე, ქვეყანაში პირველ რიგში უნდა იყოს სამართლიანობა და ჯანსაღი ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა. საქართველოს გააჩნია იმის რესურსი, რომ გახდეს ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა.