ვის გაეჩხირა ყელში ეროსი კიწმარიშვილი?!

ვის გაეჩხირა ყელში ეროსი კიწმარიშვილი?!

როგორც ჩანს, სამარჩიელო თემა ქართველებს არ გამოგველევა. წინასაარჩევნო კაკაფონია ამჯერად ეროსი კიწმარიშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ შეცვალა - არა აქვს მნიშვნელობა, მოკლეს თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ორივე შემთხვევაში შედეგი ტრაგიკულია.

ბევრს სჯერა (და ალბათ სამართლიანადაც), რომ კიწმარიშვილის მენტალობის კაცი ცხოვრებას თვითმკვლელობით არ დაასრულებდა. აქ რაღაც ავანტიურასთან გვაქვს საქმე, რომელიც სამართალდამცავებმა დროულად უნდა გამოიძიონ.

საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კატეგორიულად არ მოეწონა შსს-ს ნაჩქარევი ვერსია, რომ საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან და ამის არგუმენტად სხვადასხვა მიზეზები სახელდება. ამბობენ, რომ კიწმარიშვილი დიდ ვალში გადავარდა და გამოსავალი თვითმკვლელობაში იპოვა. ბევრი ამ ტრაგიკულ შედეგს პარტნიორებთან გართულებულ ურთიერთობას და მის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს. ერთ-ერთი ვერსიით კი ყველაფერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისკენ მიდის - სწორედ ეს არ აპატიეს ტელეკომპანიის ყოფილ მეპატრონეს და ჩამოიშორეს, უფრო სწორად, მას არ აპატიეს ბოლოდროინდელი განცხადება, სადაც ივანიშვილის გვარმაც გაიჟღერა...

ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, ვის გაეჩხირა ყელში ეროსი კიწმარიშვილი და რატომ გახდა საჭირო მისი ფიზიკური ნეიტრალიზება, მაგრამ საკამათო არ არის, რომ ჭეშმარიტების დადგენა დღევანდელი ხელისუფლების არა მარტო ვალდებულება, არამედ ღირსების საქმეა - ყოველ შემთხვევაში კიწმარიშვილის მოულოდნელი გარდაცვალება ვერსიების დონეზე არ უნდა დარჩეს!

ზოგიერთები პარალელს ავლებენ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან და პესიმისტურ დასკვნებსაც აკეთებენ - მათ იმედი არა აქვთ, რომ კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზი დადგინდება. მართალია, პოლიტიკური მასშტაბებით თუ შევაფასებთ, იგი ჟვანიას წონის ფიგურა არ ყოფილა, მაგრამ არც ისე ხელწამოსაკრავი, ვიღაცას ყელში არ გაჩხეროდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იგი თავის დროზე „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ მეპატრონე იყო და ლომის წილი შეიტანა ხავერდოვანი (ვარდების) რევოლუციის დაგვირგვინებაში. სხვა საქმეა, რამდენად დაუფასდა „ვარდოსნებისგან“ მას ეს თავაგნწირვა და ერთგულება!

კიწმარიშვილი კუთხეში მისაყენებელი და ადვილად ხელწამოსკრავი რომ არ იყო, მან ეს ჯერ კიდევ „ნაციონალების“ ზეობის პერიოდში დაამტკიცა. მართალია, „ძალადობის მანქანას“ ბოლომდე ვერ გაუმკლავდა, მაგრამ არც დაცემულა - იბრძოდა, როგორც შეეძლო. რაც შეეხება მის პოლიტიკურ აქტიურობას და ოქრუაშვილის პარტიასთან ასოცირებას, როგორც მოსალოდნელი იყო, კრახი განიცადა და ამან კიდევ უფრი გააბუნდოვანა მისი ავტორიტეტი. არც ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა მოუტანა პიროვნული თუ პოლიტიკური დივიდენდები.

ასეა თუ ისე, კიწმარიშვილი რიგითი პიროვნება არ იყო, რომ საზოგადოებას დაეჭვების საფუძველი არ გაუჩნდეს და მკვლელობის კვალიფიკაცია გამოირიცხოს. საკამათო არ არის, იგი ბევრ ინფორმაციას ფლობდა თავის დროზე თანამოაზრეებად წოდებულ „ნაციონალებზე“. მისი ბოლოდროინდელი აქტიურობა შეიძლება მისაღები არც დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც ყოფილიყო.

იურისპრუდენციაში ვერსიები მოდის, მაგრამ გამოძიება ვერსიებიდან უტყუარ მტკიცებულებამდე უნდა გავიდეს.

კიდევ ვიმეორებ: ეს დღევანდელი ხელისუფლების ღირსების საქმეა!

საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: