დავით ნარმანია:-"აუცილებელია საზოგადოებასთან კონტაქტი შედგეს და წლების განმავლობაში ჩაკეტილი კარები გავაღოთ მერიის სისტემაში"

დავით ნარმანია:-"აუცილებელია საზოგადოებასთან კონტაქტი შედგეს და წლების განმავლობაში ჩაკეტილი კარები გავაღოთ მერიის სისტემაში"

   დღეს თბილისის არჩეული მერი დავით ნარმანია და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი მოსკოვის პროსპექტზე არსებულ მიუსაფართა თავშესაფარში ბენეფიციართა მდგომარეობას გაეცნენ. 

   დილიდან თავშესაფრის მობინადრეებს მრავალპროფილური პროფილაქტიკური გამოკვლევები უტარდებათ. აქციის ფარგლებში, ბენეფიციარები დერმატოლოგის, ოფთალმოლოგის, ფსიქიატრ-ნევროპათოლოგის, ქირურგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, ოტოლარინგოლოგისა და გასტროენტეროლოგის მომსახურებას ადგილზე იღებენ. უტარდებათ, ასევე, ლაბორატორიული, კარდიოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები. ბენეფიციარები, ასევე, მიიღებენ გამოკვლევების შედეგად საჭირო მედიკამენტებს.

   მიუსაფართა თავშესაფარი მოსკოვის პროსპექტზე 2013 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და იქ ყოველდღიურად 180-დან 250 ბენეფიციარამდე ცხოვრობს. თავშესაფრის მობინადრეები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრისით, კვებით, ტანსაცმლით, სამედიცინო და სხვა საჭირო მომსახურებით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მიუსაფართა ახალი თავშესაფრის მშენებლობა, რომელიც დიდი ლილოს ტერიტორიაზე განთავსდება.

   აქვე ცნობილი გახდა, რომ თბილისის  მერი მოქალაქეთა მიღების დღეს დაამტკიცებს. 

   -"ეს არის პირველ რიგში ბიუჯეტის ანალიზი, რომელიც გვჭირდება, რომ ვნახოთ წლის ბოლომდე რა თანხები გვრჩება და რა პროექტებზე და პროგრამებზე უნდა მივმართოთ ეს ყველაფერი. მეორე - მოქალაქეთა მიღების წესი, რაც მზად გვაქვს, პირველივე დღეს დამტკიცდება და მერს და ყველა გამგებელს ექნება მოქალაქეთა მიღების დღე. ეს აუცილებელია, რათა საზოგადოებასთან კონტაქტი შედგეს და წლების განმავლობაში ჩაკეტილი კარები გავაღოთ მერიის სისტემაში. ასევე მერიის სტრუქტურაში მცირედი ცვლილებებია დაგეგმილი, რომელიც გულისხმობს ცალკეული სამსახურების ცალკე გამოყოფას და ფუნქციურ დატვირთვას. იქნება რიგი სხვა გადაწყვეტილებები, რაც დაგვეხმარება, რომ ვაკეთოთ საქმე და ეს საქმე იყოს ორიენტირებული ხალხზე"-განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: