Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (8)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
22-07-2014, 10:53
ნანახია: 664

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

  შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და მზადაა, არსებული რესურსით და საზოგადოების მხარდაჭერით, კვლავაც განახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს ამ მიმართულებით. 

აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შესწავლილია 13 საქმე, რომელიც შეიცავდა ოჯახში ძალადობის შედეგად ჩადენილ მკვლელობებს. აქედან – მკვლელობის ჩადენამდე მხოლოდ ერთ ოჯახში იყო გამოძახებული პოლიცია. მკვლელთაგან 4 აღმოჩნდა ნასამართლევი: 2 პირი – მკვლელობის მცდელობისთვის, 1 პირი – სხეულის დაზიანების და ხულიგნობისთვის და 1 პირი – ხულიგნობისთვის და ნარკოტიკების მოხმარებისთვის.

შსს-ს თანამშრომლებისთვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე დაგეგმილია ტრენინგები, რომლებიც ორ ეტაპად ჩატარდება. აღნიშნულ ტრენინგებს, საქართველოს მასშტაბით, ყველა საუბნო განყოფილებიდან 452 უბნის ინსპექტორი გაივლის. თითოეული განყოფილებიდან წარმოდგენილი იქნება 2 თანამშრომელი: ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. ტრენინგების პირველი ეტაპი 46 საუბნო განყოფილების 92 უბნის ინსპექტორისთვის თბილისში გაიმართება. ტრენინგების მეორე ეტაპი 10 სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების 180 განყოფილების 360 უბნის ინსპექტორისთვის გაიმართება. 

უბნის ინსპექტორებს დაევალებათ არა მარტო კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება, არამედ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და საერთო ანალიზი.

საქართველოს შს მინისტრის N1079 ბრძანებაში (შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე, მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ) შევიდა ცვლილება, რომლითაც უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების შევსების უფლებამოსილება მიეცა. აქამდე აღნიშნული უფლებამოსილება ტერიტორიული ორგანოების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს არ ჰქონდათ იმ ტერიტორიებზე, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო არეალი იყო.

სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების და გაფართოების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქალთა უფლებებსა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პერმანენტული შეხვედრების ორგანიზებას. 

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, მომზადდება საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლებიც სატელევიზიო და რადიოეთერებში, ასევე, სოციალურ ქსელებში განთავსდება.