ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დეპუტატებს 2013 წლის ანგარიში წარუდგინა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დეპუტატებს 2013 წლის ანგარიში წარუდგინა

   საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ენერგეტიკულ სექტორში არსებული სიახლეების, მოდერნიზებისა და ეფექტურობის შესახებ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ ისაუბრა. მან დეპუტატებს კომისიის 2013 წლის ანგარიში წარუდგინა. მილორავას განცხადებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 81 ლიცენზია მოქმედებს, მათ შორის, 20 - ელექტროენერგეტიკაში, 46 - ბუნებრივი აირის სექტორში, ხოლო 15 - წყალმომარაგებაში. მისივე განმარტებით, სამივე რეგულირებად სფეროში განხორციელდა გარკვეული სატარიფო ცვლილებები, რის საფუძველზეც მოსახლეობას ტარიფები შეუმცირდა. როგორც მილორავამ აღნიშნა, კომისია ინტენსიურად აგრძელებდა მუშაობას ტარიფის გამოთვლის ახალ მოდელზე, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება. "მიმაჩნია, რომ 2013 წელი კომისიისთვის, მიუხედავად სხვადასხვა წინააღმდეგობისა, ბევრ მნიშვნელოვან საკითხში იყო წარმატებული, ეს კი, საბოლოო შედეგით, ქვეყნის ენერგო- და წყალმომარაგების ძირეულ გაუმჯობესებაში გამოვლინდა," - აღნიშნა ირინა მილორავამ. მისი თქმით, ამ წარმატებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი რეგულირების როლი. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, კომისიამ 2013 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკვანძო საკითხებზე 441 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიღო. " საქართველომ 2013 წელს გააკეთა განაცხადი ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების თაობაზე, რაც გულისხმობს რიგი სამუშაოების განხორციელებასა და, პირველ რიგში, ენერგეტიკის ჩვენი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან," - განაცხადა მილორავამ. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, სამომავლო ხედვა მოიცავს, რეგულირებად დარგებში კონკურენციის განვითარებას, ხელსაყრელი საინფორმაციო გარემოს შექმნას, ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას, რეგულირების ეტაპობრივ ლიბერალიზაციას. 

   კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ასევე 2014 წლის 13 მაისს ხელმოწერილი "საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის" ფინანსური პროტოკოლი" ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილის განმარტებით, პროტოკოლი ქ. ჭიათურაში ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობასა და მშენებლობის პროექტის შეღავათიანი სესხით დაფინანსებას ეხება. " ფინანსური პროტოკოლით" გათვალისწინებულია 13,200,000 ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხის გამოყოფა შემდეგი პირობებით: სესხის ხანგრძლივობა - 20 წელი; შეღავათიანი პირობები - 6 წელი; საპროცენტო განაკვეთი - წლიური 0,17 %.

   ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე წარმოადგინა 2014 წლის 13 მაისს ხელმოწერილი "საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძვნებისა და საქმიანობის შესახებ" შეთანხმება, რომლის მიზანია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და კერძო სექტორის განვითარების დაფინანსების კუთხით, მისი დამხმარე ორგანიზაციის - ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების (PROPARGO) დაფუძნება საქართველოში. ჯავახიშვილის განმარტებით, თბილისში დაარსებული ოფისი, საქართველოს გარდა, რეგიონის სხვა ქვეყნებსაც მოემსახურება.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: