პროტესტის ნიშნად გაკეთებული არჩევანი და რჩევები ბითუმად

პროტესტის ნიშნად  გაკეთებული არჩევანი   და რჩევები ბითუმად

ყავა ყავის წილ! კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ...


არადა, თითქოს "მაღალმა მოდამ" ჯანსაღი ცხოვრების წესი დაამკვიდრა. ირგვლივ ყველამ, მეგობრებმა, მეზობლებმა, ოჯახის წევრებმაც კი დაანებეს  თავი სხვადასხვა ჯურისა და დონის მავნე ჩვევებს, მათ შორის, პოლიტიკაზე საუბარსაც კი...


 როგორც ვატყობ, მე და თქვენ შემოვრჩით სამყაროს ყავის ფინჯნით ხელში და დაუვარცხნელი აზრებით თავში... აი მესმის ნებისყოფა!


ნებისყოფა გექნება აბა რა! გამოაღებ მაცივარს და მისი წიაღიდან ჩაციებული მოლოდინი შემოგეფეთება. სასწრაფოდ ხურავ კარს და დილის მენიუსთვის ფსონს ისევ ტოსტერზე გახუხულ ღირსებაზე ჩამოდიხარ.


დამეთანხმებით ალბათ, ამქვეყნად ერთ–ერთი ყველაზე გულწრფელი გრძნობა შიმშილია, ყველაზე გემრიელად კი  სხვისი ბუტერბროდი გამოიყურება...


აი რაც შეეხება არჩევანს, ნებისმიერი არჩევანი მაინც პირადი ინტერესებიდან  გამომდინარეობს. დაკარგული  ან დასაკარგი "ძალა–უფლების" აგონია ზოგს ისეთ აგრესიულს ხდის, თავს კონტროლს ვეღარ უწევენ და აქამდე კარგად შენიღბული ეგოიზმიც სახეზეა.  ამის გათვალისწინებით, ზუსტად ვიცი, რომ სწორედ შიმშილის თემამ  გაამარჯვებინა არჩევნებში  "ოცნებას"  ჩემს უბანში. არაა აბსურდი. შიმშილის შიშით ზოგიერთ მაძღარს  ნერვებმა უმტყუნა... არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე,  ერთ–ერთი აქტიურად ნაციონალი მეზობელი, მსუბუქად ნასვამ მდგომარეობაში, ყველას გასაგონად იმუქრებოდა – "ქვეყანა რომ გადატრიალდეს და ჩემს შვილიშვილს მოშივდეს, ხომ გადაგბუგეთ ყველაო! " არადა, კარგად მოეხსენებოდა, რომ მის მეზობლად სხვისი შვილიშვილები წლებია შიმშილობდნენ...


ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ზოგჯერ მშვენიერი რამაა მუქარა, რომელიც შიშის და მორჩილების ნაცვლად პროტესტს იწვევს.


დიდი ცვლილებების დროა მტკივნეული დრო და ტკივილის მიმართ ყველა თავისებურად ამტანია...


ვიღაცას ძალა–უფლება ჩამოართვეს, ვიღაცას კეთილდღეობა ეცლება ხელიდან. ახლა სხვები აპროტესტებენ და კიდევ სხვები მათ პროტესტზე რეაგირებენ...


მაგრამ ახლა მთავარი ისაა, ბავშვებმა აღარ იშიმშილონ!


შეიცვალა დრო! აბა არ შეიცვალა?


როგორც თეა წულუკიანს უყვარს  თქმა, – სხვა დროა! სხვა რეალობა...


ასე რომ არ იყოს, ჩემი,  მეორე მეზობელი, აწ უკვე ყოფილი "სოდ"–ის წარმატებული მოხელე, თავის გრანდიოზულ  ჯიპს ისევ ეზოში დააყენებდა და სტვენა– გინებით აიკლებდა ყველას, ვინც მისი  "მონიშნული" ალაგის  დაკავებას გაბედავდა.


უახლოეს წარსულში "მებრძოლი" გოგო იყო, მიზანდასახული და "შემდგარი"... ისე შეიცვალა ბოლო ერთი თვეა, ისე  წყნარად დაიარება, ეჭვი მაქვს, ჭიანჭველებსაც ებოდიშება. თქვენ წარმოიდგინეთ,  კუთვნილ ავტომობილსაც საკუთარ ფარეხში აყენებს.  ჯერ   ვერ ჩამოვყალიბდი, მისი ქცევა პროტესტის გამოხატვის ორიგინალური ფორმაა თუ  სიფრთხილის გამოვლინება. ბოლოს და ბოლოს, შემიძლია "ადამიანურად" გავუგო – ვანო და ბაჩო აღარ იცავენ მის სიმშვიდეს და კაპიტალს...


გამარჯვებული არჩევნების, დამტკიცებული მთავრობისა და მინისტრების მიერ წარდგენილი მოადგილეების ფონზე, ქვეყანაში ახალი ისტერიაა თემაზე – "სახალხო დამცველი".


 სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ,  კანდიდატები, რომლებმაც უნდა მოახერხონ ნებისმიერი ჩვენგანის უფლებების დაცვა, ჯერ–ჯერობით თავად იმყოფებიან თავდაცვის რეჟიმში.


დღეს ომბუდსმენობის კანდიდატობის დებატებში თუ არ ხართ ჩართული, მერე უფლებების შელახვაზე არ მეწუწუნოთ...


ყველაფერი იწერება, სტეპლერდება და ინახება. რატომღაც, ასეთ დროს ის მახსენდება, სამძიმარზე მოსულები რომ ზუსტად ამახსოვრდება ჭირისუფალს...


შესაძლოა, ეს ისტერიაც  ნორმაა და სულაც არაა ბრძოლა ინტერესებისათვის. ნეტავ ასე იყოს!..


ორი პოლუსი და მანძილი A–დან B წერტილამდე ესაა სივრცე, სადაც ჭეშმარიტების მარცვლებია გაბნეული და მათი შემგროვებელი ხან ჩანს, ხან არა...


ღირებულებები და მოთხოვნები განაპირობებს აწმყოს და მომავალს...წარსულსაც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აწმყო იყო... ვიღაცისთვის მისაღები, ვიღაცისთვის მიუღებელი...
იყო დრო, როცა ადამიანები სიკეთის კეთებას ჩქარობდნენ. ახლა სიკეთის გაყოფა–გადანაწილებით არიან დაკავებულნი. არადა, ის ყბადაღებული და ნამუსგარეცხილი ნაციონალური "სარგებელი"  სხვა კი არაფერი იყო, ხალხო!


 ვერაგი და ზემგრძნობიარე  რამაა ურთიერთობის კულტურა. არსებობის შემთხვევაში შეუმჩნეველია, მაგრამ მის არარსებობას მომენტალურად ამჩნევ.


საუბრები ჰუმანიზმზე, შემრიგებლობასა და კაცთმოყვარეობაზე ცივილიზაციის მონაპოვარია, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება – კაცობრიობის ისტორია და, შესაბამისად, ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაც საპირისპირო აზრს, რაღაცის ან ვიღაცის მიმართ პროტესტს, ინტერესთა და მენტალობათა კონფლიქტს მოყავს მოქმედებაში.


ჩემი აზრით , ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე, ყველაზე მთავარი საკუთარი თავისადმი აღდგენილი ნდობაა...


ამ დილით ყავაზე ერთი ნათელი აზრი მომივიდა, უფრო სწორად, ბიზნეს  იდეა  – ვყიდი ან ვცვლი ( ყავის დიდ პარტიაზე)  "კეთილი რჩევების"  სოლიდურ  კოლექციას. რჩევები ჯერ არავის გამოუყენებია და, შესაბამისად, იმყოფებიან საუკეთესო მდომარეობაში.


შაბიამნის იმპორტიორები ნუ გამომეხმაურებიან!


ყავამშვიდობისა და მშვიდობიანი დღე, ადამიანებო!


კატო ჩულაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: