რუსუდან ცხვარაია: განათლების სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს დისკრეციული უფლების გამოყენება!

რუსუდან ცხვარაია: განათლების სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს დისკრეციული უფლების გამოყენება!

სკოლის გარეთ დარჩენილი სერტიფიცირებული, მაგრამ უკვე ყოფილი დირექტორები, განათლებს სამინისტროს, კერძოდ, თამარ სანიკიძის, ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და სასამართლოში ჩივიან. ერთ-ერთი მათგანი 37-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი რუსუდან ცხვარაიაა, რომელიც ,,ივერიონის“ კითხვებს პასუხობს.


- ქალბატონო რუსუდან, როგორც ამბობთ, არ მოგეცათ საშუალება თქვენს მიერ არჩეული სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე კონკურსანტად წარმდგარიყავით. რას უკავშირებთ ამას?


- უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ 37-ე სკოლის დირექტორად  განათლების მინისტრის დისკრეციული უფლებით დაინიშნა დავით ჭეიშვილი, რომლის სკოლის განვითარების ხედვა იყო ფარსი, ჩემი კი (არადა სამი წელი ვიმუშავე ამ სკოლის განვითარებასა თუ აღმშენებლობაზე) დაიწუნეს.


ჩემი აზრით, განათლების სამინისტრომ თავი უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო, რადგან მას  შეეძლო, კონკურსანტად წარვედგინე 37-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე, მაგრამ, შეეშინდა, მე არ ავერჩიეთ დირექტორად.


37-ე სკოლა არაქართულენოვანია. იქაური პედკოლექტივი და მშობელთა კომიტეტი ან გენდობა, ან - არა, ან ხედავენ თქვენს პერსპექტივას ან  -არა. ასე რომ, იქ ყველა   დირექტორად ვერ იმუშავებს.


რაც შეეხება შეფასების კომიასიას, ის არ ხელმძღვანელობდა  სკოლის განვითარების კრიტერიუმებით, არც 37-ე სკოლის პრობლემებს იცნობდა.  აქედან გამომდინარე, ტყუილიც რომ ელაპარათ, მაინც ვერაფერს მიხვდებოდნენ.


- თქვენს სიტუაციაში ბევრი დირექტორი აღმოჩნდა. რას უკავშირებთ განათლების მინისტრის ამ გადაწყვეტილებას?


- სამი წლის წინ, როცა 37-ე სკოლის დრექტორად დავინიშნე, შევცვალე ნინო გარსევანიძე. მას, როგორც საგნის მასწავლებელს,  20 საათი მივეცი და ხელსაც ვუწყობდი. მას კი ეს თურმე ვერ ,,მოუნელებია“და მთელი სამი წელი ეძებდა სკოლაში ,,თავისულ ველს“ თავის ლობისტთან ერთად, რომ ხელახლა გადირექტორებულიყო. რადგან სამეურვეო საბჭომ ის არ  აირჩია, ამის შემდეგ დისკრეციული უფლებით დაინიშნა დავით ჭეიშვილი


სხვათა შორის, ბევრია ისეთი სკოლა, სადაც სამინისტროს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ერთი ხმა მიიღო და ისიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისგან.
თუ იმას ვიტყვი, რომ ,,ნაციონალების“  გადირექტორება არ სურდათ სკოლებში,  ბიძინა ივანიშვილი მათი პირველი დამფინასებელი არ იყო?! მართალია, მე გადირექტორებამდე ვმუშაობდი გამგეობაში, მაგრამ შემდეგ შევწყვიტე პოლიტიკური საქმიანობა. ალბათ არ მოეწონათ, ჩემს დირექტორად დანიშვნას შაშკინი რომ აწერდა ხელს. ისე, რატომ უნდა ჰქონდეს  მნიშვნელობა, ვინ ვის  უჭერს მხარს, მთავარია, საქმე შეასრულო კეთილსინდისერად!


- მიმართეთ თუ არა სასამართლოს და პროცესის წაგების შემთხვევაში, რას მოიმოქმედებთ?


- ვინაიდან მე არასამართლიანად დამბლოკეს, განათლების პროფკავშირიდან ავიყვანე ადვოკატი და სასამართლოში შევიტანე სარჩელი. მხოლოდ სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების იმედი მაქვს. დღეს არა მარტო დირექტორი არ ვარ, არამედ უსაათებოდაც დავრჩი. ორი დიპლომი მაქვს - ისტორიკოსისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლის - თუმცა სკოლიდან ისე გამომიშვა დავით ჭეიშვილმა, თითქოს ჩემს უკან ოჯახი არ მდგარიყოს. თვითონ წარამარა ხატებთან დგას, სანთელს ანთებს და ლოცულობს, მე კი მპასუხობს, უფალი დიდია და მოგხედავსო.


- თქვენი აზრით, დღევანდელ საჯარო სკოლებში რა კრიტერიუმით შეირჩა დირექტორები?


- სამეგობრო და ნათესაური წრიდან.  აგრეთვე, მე როგორც გავიგე, ვინც ,,ოცნებისთვის“ ,,იმუშავა“ საარჩევნოდ, დირექტორებადაც ისინი დანიშნეს. განათლების სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა  შეწყვიტოს დისკრეციული უფლების გამოყენება - უნდა აღკვეთოს ის ქმედებები, რასაც ,,ნაციონალებს“ უწუნებდნენ, და დისკრეციული უფლებით დანიშნული ყველა კანდიდატის ადგილზე ახალი კონკურსი უნდა გამოაცხადოს!

                                                                                    ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: