Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
16-10-2014, 12:21
ნანახია: 2687

„შვეიცარიის ძალისხმევით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაუმჯობესდა“

ინტერვიუ ჟენევაში მყოფ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან
ბორის მაბიარი


საქართველოს პარლამენტის სპიკერი შვეიცარიას ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია - ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 22 წლის შემდეგ.  რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერად 2012 წლის ოქტომბერში აირჩიეს. „ვარდები რევოლუციის“ დროს მან მხარი დაუჭირა თავისუფლებისაკენ სწრაფვას, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დადგა, მაგრამ სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ მან ახალი პრეზიდენტისაგან ზურგი იბრუნა - დავით უსუფაშვილი მიხვდა, რომ სააკაშვილის რეფორმები დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ განხორციელდებოდა.
კვირას და ორშაბათს დავით უსუფაშვილი ჟენევაში იმყოფებოდა.


„ლე ტემპსი“: პარასკევს სომხეთი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა. როგორ ფიქრობთ, საქართველო რუსეთსა და სომხეთს შორის იზოლაციაში აღმოჩნდა?
დავით უსუფაშვილი: საქართველომ და სომხეთმა სრულიად სხვადასხვა გზები აირჩიეს: ერთი რუსეთისკენ მიდის, მეორე - ევროპისაკენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მეგობრებად ვრჩებით. ჩვენ შევხვდით სომხეთის პარლამენტის დეპუტატებს, ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ჩვენს მიერ მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილებებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. განზრახული გვაქვს მომავალშიც თბილისისა და ერევნის კეთილმეზობლური ურთიერთობა ერთნაირ ტალღაზე იყოს. ჩვენს შორის სირთულეები მხოლოდ გარეშე ძალების ჩარევით შეიძლება გაჩნდეს, რომლებიც შეეცდებიან განხეთქილება შეიტანონ. ჩვენი მხრიდან ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რომ სომხეთის ინტერესებს ზიანი მივაყენოთ.


- როგორ შეუძლია რუსეთს საქართველოზე ზეწოლის განხორციელება?
- ევრაზიული ეკონომიკური კავშირი - ეს უბრალო სავაჭრო გაერთიანება არ არის. ესაა შენიღბული პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი. რუსეთი მზად არ არის შეურიგდეს საქართველოს დაახლოებას ევროპის კავშირთან და ჩვენს მიერ ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას. რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე გიგანტურ სამხედრო ბაზებად გადააქცია. ასეთი დიდი რაოდენობის ჯარებისა და იარაღის  კონცენტრაცია საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.


- როგორ ფიქრობთ ფიქრობთ, დაიბრუნებს თუ არა საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?
- იყო დრო, როცა არავის აზრად არ მოუვიდოდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდებოდა, თუმცა დღეს სწორედ ასეა. ალბათ, დადგება ერთხელაც დრო, რუსეთი დემოკრატიული იქნება და უკრაინას ყირიმი დაუბრუნდება, ჩვენც სრულად გავაკონტროლებთ საკუთარ ტერიტორიას.


- როგორი გაკვეთილები შეიძლება გამოვიტანოთ უკრაინის მოვლენებიდან?
- ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის დემოკრატიისაკენ მიმავალი გზა არცთუ ისე ადვილია, როგორც ეს ევროპაში მიაჩნდათ. რუსეთი მზად არაა ადვილად შეეგუოს გავლენების დაკარგვას.


- ნატოს ბოლო სამიტი საქართველოსთვის რაიმე ინტეგრაციის შეთავაზების გარეშე დასრულდა. ნუთუ ალიანსის კარი უკვე საბოლოოდ დაიხურა?
- ჩვენ ნატოსაგან უფრო მეტს ველოდით, მაგრამ იმედგაცრუება დიდხანს არ გაგრძელებულა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კურსი ნატოსა და ევროკავშირისაკენ სწორია, თუმცა თბილის-ბრიუსელის დაახლოების ტემპები არსებულ ვითარებას არ შეესაბამება - იმის  გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება.


- რის მიცემა შეუძლია საქართველოს ევროპისათვის?
- საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. საქართველო ერთგვარი კარია ირანის, შუა აზიისა და ჩინეთის ბაზარზე შესასვლელად. პეკინში ამას მშვენივრად ხედავენ - ამჟამად იქ განიხილება მასშტაბური სარკინიგზო პროექტი, რომლის ერთ-ერთ ძირითად ეტაპად საქართველო მოიაზრება.


- რას ეტყოდით შვეიცარიის ხელისუფლებას?
- მე მინდა მადლიერება გამოვხატო - შვეიცარიის ძალისხმევით ჩვენი ურთიერთობა მოსკოვთან უფრო უკეთესი გახდა.

„ლე ტემპსი“ (შვეიცარია), 15 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.letemps.ch/Page/Uuid/01ce4ff6-53dd-11e4-b9f9-6d062b046f6b/Gr%C3%A2ce_%C3%A0_la_Suisse_nos_relations_avec_Moscou_se_sont_am%C3%A9lior%C3%A9es