Iverioni
«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
29-10-2014, 12:43
ნანახია: 1552

გია ხუხაშვილი: ,,...დასავლეთი გვაკრიტიკებს, მასაც  დავშორდით და რუსეთსაც - ორივემ სილა გაგვაწნა!“

ექსპერტი გია ხუხაშვილი ,,ივერიონს“ საქართველო-რუსეთის სტრატეგიულ გეგმებსა და სახელმწიფო მოხელეთა შორის კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

- ბატონო გია, როგორ შეაფასებთ გუშინდელ უშიშროების საბჭოს სხდომას? აღდგება თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის?
- როცა ქვეყანაში სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ზომებია მისაღები, კოორდინირებული მუშაობა  აუცილებელია.
ჩემი აზრით, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრემიერს შორის პოლემიკა სუბიექტური ხასიათის უფრო იყო, ვიდრე -ობიექტური და მათ შორის  კომუნიკაციის აღდგენას ეს ხელს არ შეუშლის.
თუ კომუნიკაცია არ აღადგინეს, ეს დიდი პრობლემა იქნება - ქვეყანა დაზარალდება და საზოგადოებაც უმკაცრეს პასუხს მოსთხოვს ყველას!
ერთმანეთის სიყვარული და მოწონება არავის მოეთხოვება, მაგრამ ყველას ვურჩევ, პირადი წყენა და ემოციები სახლში დატოვონ, როცა ქვეყანას ემსახურებიან. პირდაპირ ვიტყვი: ასეთი სისულელეებისთვის დრო არ უნდა დაკარგონ.
ბევრმა მინისტრმა თავის ადრინდელ განცხადებებში გამოთქმული სისულელები გუშინ ისე ადვილად გადათქვა და შეცვალა, საოცარია. (ეს პრემიერს არ ეხება). ეს ძალიან ცუდი ფორმაა მინისტრების მხრიდან (რომელსაც საზოგადოება ინიშნავს). გუშინ იქ იყვნენ სადეპუტატო კორპუსის წარმომადგენლები, რომელთაც ასევე უცნაური ინტერპრეტაციები ჰქონდათ უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით.


- ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ 15 მოემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა. ისინი ოფიციალურად აცხადებენ, რომ ამის მიზეზი რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაა. ექსპერტები და საზოგადოების ნაწილი ამას ,,ნაციონალების“ მორიგ აფიორად მიჩნევს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის არევას ემსახურება. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ავანსცენიდან გასაქრობად გამზადებულმა პარტიებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს!.. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ არეულობის თავიდან ასაცილებლად და როგორი იქნება თქვენი კომენტარი ამ საკთხთან დაკავშირებით?
- ნულს რაც არ უნდა მიუმატო, არაფერი შეიცვლება.
პარტიები ეძებენ რაღაც სეგმენტს და უნდათ ვინმეს მიეტმასნონ, თუნდაც ასეთი  არასწორი ფორმით.
15 ნოემბრის აქცია ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ეს ხელოვნური მიზეზია, უფრო ღია კარების მტვრევაა.
ერთადერთი საფრთხე კონტრაქციები შეიძლება იყოს. თუ ეს აქცია ძალისმიერ ფორმებს მიიღებს, ეს მიშას ფორმა იქნება. სამართალდამცველებმა პროვოკაცია არც შიგნიდან უნდა დაუშვან და არც გარედან. ნაციონალების ტაქტიკური ამოცანაა, მათი პოლიტიკური დევნის ილუზია შექმნან, რითაც ,,დევნილობაში“ მყოფ სააკაშვილს მეტ ლეგიტიმაციას მიანიჭებენ.
თუ ეს აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, ეს აგრესია ისევ ,,ნაციონალებს“ გააძლიერებს. დღევანდელ ხელისუფლებას ქუჩის აქციების გაკოტროლების გამოცდილება არ აქვს და ეს მათთვის ერთგვარი გამოცდა იქნება.

- თქვენი აზრით, რა შედეგს მოიტანს მარგველაშვილი-პუტინის შესაძლო შეხვედრა?
- შეხვედრა შეხვედრისათვის მაღლეს დონეზე არ ხდება და კონკრეტული შედეგები მოაქვს ხოლმე. შედეგებისთვის კი დღეს არც ერთი მხარე მზად არ არის და ამ შეხვედრას აზრი არ ექნება.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრაც უშედეგობისთვის იყო განწირული. ჩვენი ხელისუფლების 2-წლიანი მმართველობის პერიოდში საგარეო კურსი სტრატეგიულად სწორი იყო, ის ევროინტეგრაციას ითვალისწინებდა და რუსეთთან რიტორიკაში ტონს არბილებდა. რაც შეეხება აღსრულებას - უხარისხო იყო.  არადა, საჭირო იყო დასავლეთთან დისტანცია და რუსეთან მიახლოება. შედეგად ის მივიღეთ, რომ დასავლეთი გვაკრიტიკებს, მასაც  დავშორდით და რუსეთსაც - ორივემ სილა გაგვაწნა! ამას ხელი ზოგიერთმა სამინისტრომაც შეუწყო, რომლებიც ,,სხვადასხვა ენაზე საუბრობენ“. იმედი მაქვს, საქმე ,,პოლიტიკურ გაკოტრებამდე“ არ  მივა და სტრატეგიულად სწორი ნაბიჯები გადაიდგმება.
                                                                                                       ესაუბრა ია ჯღარკავა