როდის მოაგვარებენ რუსეთი და საქართველო კატასტროფულ პოლიტიკურ ურთიერთობას?!

როდის მოაგვარებენ რუსეთი და საქართველო კატასტროფულ პოლიტიკურ ურთიერთობას?!


იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი
(შემოკლებით)
დღეს რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ორივე მიმართულება - ჟენევისა და პრაღის ფორმატები - შეჩერებულია, თუმცა, როგორც ჩანს, პრაღის შეხვედრები შესაძლებელია მომავალ წელს განახლდეს: გრიგორი კარასინის თქმით, თუ მოლაპარაკება არ მიდის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი სრულიად შეწყდა. რუსი დიპლომატის აზრით, მხარეებმა სერიოზულ შედეგებს მიაღწიეს და მომავალ წელსაც ასე იქნება. აშკარაა, რომ გრიგორი კარასინი სამომავლო წარმატებებში კვლავ სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს გულისხმობს, თორემ მოსკოვი და თბილისი იმ კატასტროფულ პოლიტიკურ უთანხმოებას ვერანაირად ვერ მოაგვარებენ, რომელიც ყოფილი ავტონომიების პრობლემითაა გამოწვეული.


როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, თბილისსა და მოსკოვს შორის კონტაქტების არარსებობას კარგი არაფერი მოაქვს, ამიტომაც მოლაპარაკებები ორივე ფორმატში უნდა გაგრძელდეს: „შესაძლოა რაღაც კორექტივები შევიტანოთ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ოპტიმიზაციის მიზნით, თუმცა ამაზე ჯერ საუბრები ნაადრევია“, - განუცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს.


საქართველო არცერთი წუთი არ წყვეტს პროპაგანდისტულ მუშაობას საერთაშორისო არენაზე „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ფაქტის“ აღიარებისთვის. თამარ ბერუჩაშვილის - საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განხორციელებული ძალისხმევა საერთაშორისო სტრუქტურებში - ევროკავშირში, ნატოსა და ეუთოში (ბრიუსელ-ბაზელი) ქართული პოლიტიკის ამ მიმართულების მორიგი დადასტურებაა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრიუსელსა და ბაზელში იგი კიდევ ერთხელ წაუყენებს ბრალდებებს რუსეთს  და მოსკოვს მტაცებლობაში დაადანაშაულებს. დღეს ეს თეზისი გამყარებულია სოჭში ხელმოწერილი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებით. საქართველო ერთ სიბრტყეში განიხილავს აფხაზეთისა და ყირიმის პრობლემებს და ხაზს უსვამს, რომ ეს ორი მომენტი ერთმანეთის იდენტურია.


სხვათა შორის, თბილისის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია პრესაში გამკრთალმა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, აფხაზეთის ბანკების მეშვეობით რუსეთს შეუძლია დონბასში ფინანსური ოპერაციები განახორციელოს. ლოგიკა მარტივია: რუსეთი თავისი ბანკების ფილიალებს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ვერ გახსნის, დასავლური დამატებითი სანქციების გამო, აფხაზურ ბანკებს კი, რომლებიც რუსული რუბლის ზონაში საქმიანობენ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარების გამო დასავლური რეპრესიული ზომები არ ემუქრებათ. ამ საკითხზე სოხუმი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა საექსპერტო წრეებში არის აზრი, რომ აფხაზური ბანკების ფილიალების გახსნა დონბასში სრულიად შესაძლებელია: აფხაზური ბანკები ხომ დამოუკიდებლები არ არიან და ისინი რუსულ საბანკო სისტემაში არიან ჩართულნი, შესაბამისად, თუ მოსკოვი ფილიალების გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინიც დაემორჩილებიან. თავის მხრივ, აფხაზი ფინანსისტებიც, ალბათ, დაინტერესებულნი იქნებიან თავიანთი ბიზნეს-საქმიანობის გეოგრაფიული არეალი გააფართოვონ, თუმცა, რასაკვირველია, მათ მოუწევთ მხედველობაში მიიღონ არასტაბილურობის ფაქტორი.


როგორც რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის ხელმზღვანელი ალექსანდრე რუსეცკი ამბობს, რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას მკვეთრად გამოხატული ასიმეტრიული ხასიათი აქვს და სოხუმს დიდ არჩევანს არ უტოვებს: „აფხაზეთი, რუსეთისგან მიღებული აღიარების მიუხედავად, თანდათანობით სამხრეთ ოსეთის, დონეცკ-ლუგანსკისა და სხვა პოტენციური კვაზიწარმონაქმნების დონეზე დავარდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი რაღაც „ნოვოროსიის ფედერაციაში“ გაერთიანდნენ. ამისთვის შესაძლებელია გაუქმდეს ის [ცალკეული] სეპარატისტული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამ ინტეგრაციულ პროცესს ხელს შეუშლიან, [„ნოვორისიის ფედერაციას“] კი ანგარიშს გაუწევენ. ეს ძალიან დიდი თამაშია, რომელშიც მოსკოვის მხარეზე ფარულად, მაგრამ იმავდროულად აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ევროკავშირისა და ნატოს ზოგიერთი წევრებიც“, - განუცხადა „ნეზავისიმაია გაზეტას“ ალექსანდრე რუსეცკიმ.

«Независмая газета» (რუსეთი), 3 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.ng.ru/cis/2014-12-03/7_gruzia.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: