ჯონდი ბაღათურია:“ პოლიტიკურ პროცესებს ის მართავს, ვინც მაღლა, ოლიმპოს მთაზე ზის!“
“აშშ-მ დიდი ხანია საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობაზე უარი თქვა“- აცხადებს “ივერიონთან“ საუბრისასჯონდი ბაღათურია.
- ბატონო ჯონდი, დიდი აჟიოტაჟი ატყდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუნდთან დაკავშირებით, რომელსაც პირობითად კახურ კლანსაც უწოდებენ. თქვენი აზრით, მიმდინარეობს თუ არა ახალგაზრდა პრემიერის დასუსტების პროცესი და ვის აძლევს ეს ხელს?
- ვფიქრობ, ფაქტია, რომ ყველა, ვინც გადადგა, მისი მეგობარი და პირადი თანაგუნდელია. ეს იმ პოლიტკრიზისის მაჩვენებელია, რომლის მოსალოდნელობაზეც შემოდგომაზე ვსაუბრობდი.
პრემიერ-მინისტრის დასუსტება ყველა მის ოპონენტს გაუხარდება, მაგრამ საქართველოში ისეთი მძიმე სოციალური ფონია, მე ეს არ მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ამის სათავისოდ გამოყენება შეუძლია.
ისიც ფაქტია, რომ ამ პოლიტიკურ პროცესებს ის მართავს, ვინც მაღლა, ოლიმპოს მთაზე ზის!
- ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე “დგას“, თუ რა ხდება რეალურად?
- ივანიშვილი არ “დგას“ ღარიბაშვილზე, ეს ღარიბაშვილი “დგას“ მასზე. ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც, მართალია, შემცირდა, მაგრამ გავლენა მაინც აშკარაა.
იცის ცხადია და წყალი არ გაუვა, რომ ღარიბაშვილს რაღაც შეეშალა ბიძინასთან ურთიერთობაში.
ღარიბაშვილის გუშინწინდელი ბრიფინგის შემდეგ, ხმები მის შეცვლაზე ან სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ან გადაიდო. მისი გამოსვლა ამ ხმების გაქარწყლებას ემსახურებოდა.
მართალია, ივანიშვილს მიუცია მისთვის შენიშვნები, მაგრამ ჯერ არ დაუტუქსავს და პრემიერის გუშინწინდელი ბრიფინგი ივანიშვილთან შეხვედრის ფაქტის გასაჯაროვება იყო.
- როგორ შეაფასებთ უკრაინის მთავრობაში ყოფილი ნაცჩინოვნიკების დანიშვნას. ამით აშშ-მ შური იძია დღევანდელ ქართულ ხელისუფლებაზე და საკაშვილის რეჟიმის ეფექტურობას გაუსვა ხაზი თუ “ვარდების რევოლუციის “ მონაპოვრის რეაბილიტაცია სცადა?
- უარესს გეტყვით: ამ ფაქტით უკრაინის ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ საქართველოს პატივს არ სცემს!
თქვენ სწორად შენიშნეთ, როცა უკრაინის ხელისუფლებაში მთავარ მოთამაშედ აშშ ახსენეთ. უკრაინის მთავრობა ისეთივე მარიონეტულია, როგორც ჩვენი - აშშ-ს რომელიმე სენატორის კარნახით ვმოქმედებთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში არ უნდა ჩავიდეს, თუ ის მართლა იბძვის სამართლიანობის აღდგენისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაცმოძრაობის სამართლიანობას აღიარებს. ეს კი საკუთარი თავისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იქნება!
სამწუხაროდ, ჩვენ და უკრაინა მარიონეტები ვართ და ერთი “პატრონი“ გვყავს -ამერიკა! როგორც სააკაშვილი შლიდა საქართლოს თავის დროზე, ასე დაშლიან უკრაინასაც და დაამთავრებენ!
ისე აშშ-მ დიდი ხანია საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობაზე უარი თქვა, არადა ჩვენ მასთან ურთიერთობა იქაური სტანდარტების საქართველოში დასამკვიდრებლად გვჭირდება (იგულისხმება თავისუფალი სასამართლო თუ თავისუფალი ეკონომიკური განვითარება). ჩვენ მასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა უნდა დავარეგულიროთ, რასაც ჩვენი მარიონეტული ხელისუფლება არ აკეთებს!
ესაუბრა ია ჯღარკავა