"აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას ყოველდღიურად ვშორდებით"

"აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას ყოველდღიურად ვშორდებით"

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება საქართველოსთვის ძალიან ცუდია. 

   -"მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვშორდებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას. ნამდვილად პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რასაც ვამბობ, რომ 2010 წელს, მე ჩამოვედი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრიდან და ვთქვი, რომ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების შანსი - მაშინ იყო განუზომლად უფრო დიდი შანსი, ვიდრე დღეს. დღეს ჩვენი ხელისუფლების აბსოლუტურად უგუნური მოქმედების შედეგად, ეს შანსი ყოველდღიურად იკლებს. იყო შესაძლებლობა, რომ დაგვეწყო სერიოზული დიალოგი, ამის შესაძლებლობა ახლაც არის, თუმცა ეს შანსი ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ, მცირეა. როცა მე განვაცხადე, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება ხელისუფლების სინდისზე და განსაკუთრებით, ირაკლი ალასანიას სინდისზეა-მეთქი, დღეს კარასინმა ზუსტად დაადასტურა იმ განცხადებით, რომელსაც დღეს საინფორმაციო გადაცემაში მოვკარი ყური - იმიტომ, რომ საქართველო აცხადებს, რომ ის უსწრაფესად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი, იმიტომ რომ საქართველო აცხადებს, რომ საქართველოში ნატო-ს ბაზა უნდა გაიხსნას",-განაცხადა ბურჯანაძემ "ობიექტივის" ეთერში. 

   მისივე თქმით, "ჩვენი შეცდომების გამოყენების საშუალება არავის უნდა მივცეთ".  

   "მით უფრო, რომ ვერც ნატო-ს ბაზა იქნება საქართველოში გახსნილი და ვერც ნატო-ს წევრი გავხდებით",-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: