გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილთან საუბრის ჩანაწერის გასაჯაროებას მოითხოვს
გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრთან საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
როგორც მერია განმარტავს, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი და პრემიერ-მინისტრი სოციალური დახმარებების თემაზე შეკამათდნენ.
"თბილისის მერია მთავრობის სხდომის იმ ვიდეომასალის გავრცელებას ითხოვს, სადაც პრემიერ-მინისტრი თბილისის მერთან საუბრისას ამბობს, რომ ის სოციალური საკითხის განხილვას არ აპირებს. სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილისა და გიგი უგულავას საუბარი კანცელარიის პრესსამსახურის პირადი კამერით გადაიღეს. აღნიშნული მასალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტის მიხედვით არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად ვითხოვთ მის გასაჯაროებას,"- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე სოციალური დახმარების საკითხი არ განიხილებოდა, გიგი უგულავამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
1 ნოემბრიდან სოციალური პროგრამები თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროს შორის დაწყებული დავის გამო გაუქმდა. ამ პროგრამით 500 ათასამდე თბილისელი სარგებლობდა. სოციალური პროგრამების დაფინანსება, რომელიც თავდაპირველად დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ფუნქცია იყო, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, 19 ოქტომბრის განკარგულებით, ჯანდაცვის სამინისტროს გადააბარა. თავის მხრივ, ახალმა მთავრობამ ფინანსების გამოყოფაზე უარი თქვა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, ვალდებულებები ისევ მერიას დაუბრუნა. მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ პროგრამებისთვის განსახორციელებლი საჭირო თანხა ბიუჯეტიდან გადარიცხული არ არის.