დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პრეზენტაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ "ექსპო ჯორჯია"-ში საჯარო სამართლის იურიდიული პირის-დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პრეზენტაცია გამართა.
სსიპი საქართველოს მთავრობის N144-ე დადგენილებით, 2014 წლის 13 თებერვალს შეიქმნა. ფუნქციონირება კი ორგანიზაციამ ოქტომბრის თვეში დაიწყო.
დევნილთა საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით შექმნილი სსიპ-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულება დევნილთა სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ამ პროექტის განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს დევნილების პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზება, რაც ხელს შეუწყობს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას და ჩართულობას ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაში.
პროგრამები ორიენტირებული იქნება გრძელვადიან და მდგრად ეკონომიკურ ეფექტზე. ჩასახლების მდებარეობიდან და დევნილთა ინტერესებიდან გამომდინარე, პროექტები შეიძლება იყოს როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ტიპის.
პროექტების და ბენეფიციარების შერჩევა მოხდება გამჭვირვალედ, პროცესში ჩართულნი იქნებიან როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
დევნილთა სამინისტრო ცვლის მიდგომებს დევნილთა სოციალურ- ეკონომიკური პრობლემებისადმი. ,,დევნილთა გრძელვადიანი განსახლება ისევ რჩება მთავარ პრიორიტეტად, მაგრამ თანდათან მეტი აქცენტი გაკეთდება მათი შრომითი მოწყობის, პროფესიული გადამზადებისა თუ ბიზნეს -პროექტების რეალიზებაზე. ჩვენ თევზი კი არ უნდა მივცეთ ჩვენს ბენეფიციარებს, არამედ ანკესი, რათა მათ შეძლონ თვითონ ირჩინონ თავი და სხვაც არჩინონ"-აღნიშნა სოზარ სუბარმა.
დამსწრე საზოგადოებას პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა მინისტრის მოადგილემ გვანცა შენგელიამ. მან დეტალურად ისაუბრა სააგენტოს სტრუქტურაზე და მომავალში განსახორციელებელ აქტივობებზე. სააგენტო ნაწილობრივ დაფინასნდება სამინისტროს ბიუჯეტიდან, დაფინანსების ძირითადი წყარო კი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები იქნებიან. პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტების განხორციელებაში ჩართულნი იქნებიან მომიჯნავე უწყებებიც, ისეთები, როგორიცაა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, განათლების, ინფრასტრუქტურისა და სხვა სამინისტროები.
სააგენტო ორიენტირებული იქნება შემდეგ სამ ძირითად მიმართულებაზე: დასაქმება სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და სამომხმარებლო სექტორში. საინტერესო, ინოვაციური პროექტების შემთხვევაში , სააგენტო სხვა მიმართულებებსაც დააფინანსებს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, FAO-ს, დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.