პოლონეთი წითელი ცირკულარით ძებნილს გადმოგვცემს
პოლონეთის მთავრობა საქართველოს საერთაშორისო ძებნაში მყოფ თენგიზ ფერაძეს გადმოსცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი ავრცელებს.
,,საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო და საქართველოს მთავარი პროკურატურა თენგიზ ფერაძის წინა საექსტრადიციო პროცედურებზე მუშაობს. თენგიზ ფერაძეს ქართველ სამართალდამცავებს პოლონელი კოლეგები გადმოცემენ. თენგიზ ფერაძე ქალაქ რავა მაზოვიეცკაში დააკავეს. ის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა 2012 წლის 28 ივნისიდან. თ.ფერაძე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,339 მუხლით (ქრთამის მიცემაში წაქეზება) და 180 მუხლით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის არაერთგზის ჩადენისთვის", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.