ირაკლი შიხიაშვილი: მივმართავ ირმა ნადირაშვილს და "ნაცმოძრაობის" ხროვას!
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი შიხიაშვილის პასუხი ირმა ნადირაშვილს.
"მივმართავ ირმა ნადირაშვილს და "ნაცმოძრაობის" ხროვას: სიტყვა სამშობლო და სამშობლოს სიყვარული თქვენთვის უცხო სიტყვაა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტისათვის გამოყოფილი თანხა შიხიაშვილის ჯიბეში არ მიდის. ეს თანხა უნდა მივმართოთ იმ მწვავე და მძიმე პრობლემების გადაჭრისაკენ, რომელიც დგას დღეს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის და ვეტერანების წინაშე. თქვენ იგნორს უკეთებდით და მეტსაც ვიტყვი, როდესაც ვეტერანებს თქვენი ხელისუფლების გვერდში დგომა სჭირდებოდა, თქვენი ხელისუფლება გაუსწორდა მათ ხელკეტებით.
თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელიც ცდილობდა, ქვეყანაში სიღატაკე წაეხალისებინა, რომ ვეტერანი და სიღატაკე გაიგივებულიყო.
თქვენ არც კი ფიქრობდით მომავალ თაობაზე, რომელიც უნდა გაიზარდოს პატრიოტული, მამულიშვილური სულისკვეთებით. არც დაკარგული მოტივაციის გაზრდაზე გიზრუნიათ, ვინაიდან მათ თვალწინ სამშობლოს გმირი გაიგივებული იყო ღატაკთან.
ამ თანხით ჩვენ გვინდა: პირველი - დავიწყოთ რამდენიმე სოციალური პროექტი ვეტერანების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისათვის. მეორე - გადავამზადოთ იმისათვის, რომ დავიწყოთ მათი დასაქმების პროგრამების შემუშავება. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი - ვეტერანთა შვილებისათვის სწავლაზე შეღავათების დაწესება. ასევე ვგეგმავთ, მოვამზადოთ პროექტები, რაც მიეხმარება საზოგადოებაში ვეტერანის სტატუსის ამაღლებას, მათ რესოციალიზაციის და რეინტეგრაციის ამაღლებას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.
თქვენ ვერ მალავთ თქვენს ნამდვილ სახეს და მზად ხართ, ქვყნისათვის ყველა მნიშვნელოვანი და სასიკეთო წამოწყება ჩანასახშივე მოსპოთ, მაგრამ თქვენ ეს არ გამოგივათ.
შიხიაშვილის ვალი არავის არ აქვს, შიხიაშვილს და მთელ საზოგადოებას აქვს ვალი ქვეყნისათვის თავდადებული გმირების და ვეტერანების წინაშე. ამ ვალის მოხდაში ხელს ვერ შეგვიშლის ირმა ნადირაშვილი და "ნაცმოძრაობის ხროვა", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.