"სახალხო პარტია"-"კიდევ როგორ ვენდოთ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ ხელისუფლებას! როგორ შევძლოთ მასთან თანამშრომლობა და თანაცხოვრებაც კი!"

"სახალხო პარტია"-"კიდევ როგორ ვენდოთ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ ხელისუფლებას! როგორ შევძლოთ მასთან  თანამშრომლობა და თანაცხოვრებაც კი!"

   საყდრისის ოქროს საბადოს აფეთქების გამო "სახალხო პარტია" განცხადებას ავრცელებს  

 

   -"უძველესი ქართული მატერიალური კულტურის  ფასდაუდებელი ძეგლის _   საყდრისის ოქროს საბადოს _ ბარბაროსული ნგრევა,   ქართული და საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულია. 

   წინა და დღევანდელი ხელისუფლებების გააზრებული, თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის  შედეგად, რუსი მფლობელებისა და ქართველი ჩინოვნიკების პირად ინტერესებს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრიობისა და მაღალი მატერიალური კულტურის გამომხატველი უნიკალური ძეგლია. 

   საყდრისის ერთი ბორცვი (1 ჰა), რომელიც მთელი ასათვისებელი ფართობის გათვალისწინებით უმნიშვნელოა(მე-200-დი ნაწილია), ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრივი  ისტორიისთვის ფასდაუდებელი საგანძური,  სასამართლო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ (მან კომპანიას საყდრისში   სამუშაოების ჩატარების უფლება შეუჩერა), საპატრიარქოს, ქართველი და საერთაშორისო პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოზიციისა და, საერთოდ,  საღი აზრის  იგნორირებით,  მალვით,  პარასკევს მიიღეს გადაწყვეტილება და შაბათ-კვირას  დაიწყეს ნგრევა. არ იქნა გათვალისწინებული დამოუკიდებელ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევის დასკვნები საყდრისის საბადოსთან დაკავშირებულ  მასალებზე

   კომპანია "არემჯიმ" საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განახლების "პირველი არგუმენტი" სცილდება ცივილიზებული სამყაროსთვის მიღებულ ნორმებს: "გადაწყვეტილებები მიღებული იქნა იმის საფუძველზე, რომ კანონის შესაბამისად, მოხდა ობიექტის ნაწილის სრული არქეოლოგიური შესწავლა. დარჩენილი ნაწილზე დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო, რასაც ადასტურებს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა. ამასთანავე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, ობიექტზე არ იყო მოსალოდნელი თვისობრივად ახალი არტეფაქტების აღმოჩენა". 

   "მეორე არგუმენტი" კი _ "სამუშაოების შეჩერებით შეიზღუდა კომპანიაში დასაქმებული პერსონალის და ზოგადად კაზრეთის მოსახლეობის შრომის პირობების და სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა" _ ცინიზმი და საზოგადოების შეურაცხყოფაა.  გაცილებით გულწრფელები იყვნენ ბოლშევიკები, როცა ათეისტური მოწოდებებით ანგრევდნენ ტაძრებს და მოსახლეობაზე ზრუნვის საბაბით  კოლექტივიზაციასა და მონურ შრომას აკანონებდნენ.  

  განსაკუთრებით შემაშფოთებელის ის, რომ დამოუკიდებელ საქართველოშიც ცდილობენ ამ პოლიტიკის გატარებას _ ხელოვნურად შექმნილი მატერიალური გაჭირვების გამო სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ადგილობრივი მოსახლეობის  ნაწილი  მოტყუებით დაუპირისპირეს ქართულ სახელმწიფოებრივ და საკაცობრიო ღირებულებებს.

ცალკე აღნიშვნის თემაა ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც 2013 წელს პრემიერ ივანიშვილთან ერთად საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მოუხსნა უძრავი ძეგლის სტატუსი, და, რომელიც ახლა გულისამაჩუყებელი ფარისევლობით დღევანდელ აქტს თალიბების მიერ ბუდას ქანდაკებების დანგრევას ადარებს.   

მივმართავთ, ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას", სადამდე დაეცით, რომ სააკაშვილის  საქილიკოდ გაგიხდათ საქმე. 

 "სახალხო პარტია" გამოთქვამს მტკიცე პროტესტს აღნიშნული ქმედების გამო და მოითხოვს ხელისუფლებისგან _ დაუჯყოვნებლივ შეჩერდეს ნგრევა და შესაბამისი სასჯელი მიიღოს დანაშაულის ჩამდენმა ყველა პირმა.

   წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებას მოუწევს  დაფიქრება _ ამის შემდეგ, კიდევ როგორ ვენდოთ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ ხელისუფლებას! როგორ შევძლოთ მასთან  თანამშრომლობა და თანაცხოვრებაც კი!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: