არასამთავრობო ორგანიზაციები საყდრისში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის გასაჯაროებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საყდრისში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის გასაჯაროებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავენ.

"2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანენები (#03/266 და #2/271), რომლის შემდეგაც შპს "RMG-Gოლდ"-მა საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოები განაახლა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ, რაც ყველა დაინტერესებულ პირს საკითხთან დაკავშირებული სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემდა.

შესაბამისად, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომ განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდებზე საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული შემდეგი ბრძანებები და თანმდევი დოკუმენტები:

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის #03/266 და და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 12 დეკემბრის #2/271 ბრძანებები და ამ ბრძანებების გამოცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები (მათ შორის სამინისტროსა და სააგენტოს სისტემაში არსებული საბჭოს/სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სხვა ყველა თანმდევი დოკუმენტები, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოთ აღნიშნული ბრძანებების გამოცემას);

"RMG-Gold"-ის მიერ, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განახლების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული დასკვნის გაცემას დაედო საფუძვლად",-ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; "მწვანე ალტერნატივა"; "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI); "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC); "ტფილისის ჰამქარი".

შეგახსენებთ, რომ კომპანია "არემჯი გოლდმა" საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე მუშაობა განაახლა. სამუშაობის გაგრძელებისათვის შესაბამისი ბრძანებულება კულტურის სამინისტრომ 12 დეკემბერს გასცა. საბადოზე სამუშაოები პროტესტის მიუხედავად  გრძელდება.

საყდრისში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა კომპანია "არემჯი გოლდმა." კომპანიის სამართლებრივმა  მრჩეველმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ 2013 წლის 5 ივლისს გამოტანილ ბრძანებას საფუძვლად დაედო კომისიის დასკვნა. კომისია მაშინდელმა მინისტრმა სპეციალურად შექმნა.

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებთან წარადგინა ის სამი დოკუმენტი, რომლითაც კომპანია საკუთარი ქმედების კანონიერებას ხსნის.


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: