ლევან ალაფიშვილი:-"ასე ვრეშმაკობას თვითმმართველობა არ გვინდაო სჯობს თამამად თქვას მთავრობამ"

ლევან ალაფიშვილი:-"ასე ვრეშმაკობას თვითმმართველობა არ გვინდაო სჯობს თამამად თქვას მთავრობამ"

   "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა. მოქმედი კოდექსის თანახმად, მთავრობას მიმდინარე წლის ბოლომდე ჰქონდა ვადა იმისთვის, უზრუნველეყო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. გარდა ამისა, მთავრობას 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოემზადებინა და პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარედგინა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტს, სემეკს და მიმწოდებელ სუბიექტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის პირობებს განსაზღვრავს.

   "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, მთავრობა აღნიშნული ვალდებულებების 9 თვით – 2015 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გადავადებას ითხოვს. 

   პარლამენტში წარდგენილი პროექტი ბიუროს სხდომაზე კრიტიკის საგანი გახდა. ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" ხელმძღვანელი დავით ბერძენიშვილი დაინტერესდა, რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ მთავრობა აღებული ვალდებულების შესრულების ვადავადებას პარლამენტს შემჭიდროვებულ ვადებში სთხოვს. 

   ამ ფაქტს ლევან ალაფიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   -"არ არის ეს კარგი საქმე. ორიოდ დღის წინ ერთი ასეთი კანონი უკვე მიიღეს, ეხლა მორიგი წყებაა ...

ასე ვრეშმაკობას თვითმმართველობა არ გვინდაო სჯობს თამამად თქვას მთავრობამ.

უნდა გავიხსენოთ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში: "ევროპულ სივრცესთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის კუთხით ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელია თვითმმართველობის რეფორმის დაუყოვნებლივ ბოლომდე მიყვანა. თვითმმართველი ერთეულებისათვის რეალური ფინანსური და ადმინისტრაციული ბერკეტების გადაცემითაა შესაძლებელი საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. საჭიროა თვითმმართველობის ორგანობში და მათ საქმიანობაში იმ ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მხრიდან ჩაურევლობის უზრუნველყოფა, ვისაც ამის კანონიერი უფლება არ გააჩნია."

აბა ვნახოთ დარჩება თუ არა პრეზიდენტი ამ სიტყვების ერთგული და ვეტოს დადებით შეაჩერებს თუ არა ამ სახელმწიფოებრივად სახიფათო ტენდენციას; პირველ რიგში კი 12 დეკემბერს მიღებულ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონს, რომელიც კოდექსის 154-ე მუხლის ცვლილებას შეეხება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: