კახა კოჟორიძე: ადამიანურ ენაზე ამას ვერაგობა ჰქვია!
როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე აცხადებს, კულტურის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საყდრისზე მუშაობები განახლდა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
კოჟორიძის თქმით, , არასამთავრობო ორგანიზაციას ამ ეტაპზე სამართლებრივი დავის გაგრძელების საშუალება აღარ აქვს.
"სამართლებრივი შეფასება არის უკანონობა, მე ვფიქრობ, რომ არის დანაშაულის შემცველი ნიშნები ამ ყველაფერში. მაგრამ ჩვეულებრივად, ადამიანურ ენაზე, ამას ჰქვია ვერაგობა. ჩვენ არ დაგვიტოვეს სასამართლოში დავის საშუალება. იცოდნენ, რომ ამ დავას მოვუგებდით დიდი ალბათობით, იმიტომ, რომ ჩვენ შევუჩერეთ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება. ყველა სამართლებრივ მექანიზმს ვიკეთებდით იმისათვის, რომ შედეგისთვის მიგვეღწია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს სამართლებრივი მექანიზმები გამოგვაცალეს ხელიდან." - აცხადებს კოჟორიძე.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "არემჯი გოლდმა" საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე მუშაობა განაახლა. სამუშაობის გაგრძელებისათვის შესაბამისი ბრძანებულება კულტურის სამინისტრომ 12 დეკემბერს გასცა. საბადოზე სამუშაოები პროტესტის მიუხედავად გრძელდება.