დავით ონოფრიშვილი: პარლამენტის მისამართით ამგვარი შეფასება მიუღებელია!
დავით ონოფრიშვილი სოზარ სუბარის დღევანდელ გაცხადებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუღებელია, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან პარლამენტის მისამართით ამგვარი შეფასება კეთდება.
"პარლამენტის სესიაზე აღვნიშნე, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს საბიუჯეტო ხარჯების შესრულების მხრივ ჩამორჩენა აქვს. ამ მხრივ აღნიშნული სამინისტრო ერთადერთი არ არის, მაგრამ მასზე ყურადღება სწორედ იმიტომ გავამახვილე, რომ მიმდინარეობდა დევნილთა გამოსახლების პროცესი და დავინტერესდი, რა ხდება სამინისტროში, როცა ხალხი საახალწლოდ უნდა გამოასახლონ. როდესაც სოზარ სუბარი ამბობს, რომ თურმე მე ტყუილს ვამბობ, ეს აბსურდია, რადგან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ოპერირებს ხაზინის ციფრებით. ანუ, თუკი ეს ტყუილია, ეს ყოფილა ფინანსთა სამინისტროს ან ხაზინის ტყუილი. 11 თვის განმავლობაში შესრულებულია ბიუჯეტის 60%. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაგეგმილი ბიუჯეტი არის 48 მილიონ ლარზე ცოტა მეტი და ხაზინის მონაცემებით, შესრულდა ამის 60%. ამასთან, სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ნაწილის ხარჯებს ჰქვია "განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება". ეს ერთ-ერთი პრინციპული ხარჯია, რომელიც 11 თვის განმავლობაში ათვისებულია 57%-ის ფარგლებში", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ონოფრიშვილმა.
დავით ონოფრიშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ პარლამენტის და მისი კომიტეტების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლია და იქვე აღნიშნა, რომ გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ირლანდიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ნორვეგიაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს სწორედ ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.