დაიკიდება თუ არა დამოკლეს მახვილი საქართველოს თავზე?!
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მოსალოდნელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და პირდაპირ აცხადებს, რომ ეს იქნება „დამოკლეს მახვილის დაკიდება ქვეყნის თავზე!“ მეტიც, მისი თქმით, თუ ამაზე წავა დღევანდელი ხელისუფლება „დამოკლეს მახვილს საკუთარი ხელით დაკიდებს!“
პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ადვილად შესაძლებელია მომავალი პარლამენტი ანტიდასავლური (პრორუსული) ძალებით დაკომპლექტდეს, რითაც საშუალება მიეცემა რუსეთს სრული კონტროლი განახორციელოს საქართველოზე!
მოდით, ჯერ დავაკონკრეტოთ, რას ნიშნავს ანტიდასავლური ძალები და რამდენად საშიშია ასეთი ძალების არსებობა საქართველოსთვის?!
თუ ჩვენში დამკვიდრებული სტერეოტიპით ვიმსჯელებთ, ანტიდასავლურობაში ის ადამიანები, ან ადამიანთა ჯგუფები იგულისხმებიან,, ვინც უპირობოდ არ უჭერენ მხარს თავსმოხვეულ ე.წ. დასავლურ ღირებულებებს (რომელიც ძალიან შორს დგას ჭეშმარიტი დასავლური სტანდარტებისგან) და რუსეთთან დაბალანსებული (კეთილმეზობლური) ურთიერთობის მომხრენი არიან!
მე ახლა არ შევუდგები იმის მტკიცებას, რა სარგებლობა ან ზიანი მოგვიტანა რუსეთთან 200-წლიანი თანაცხოვრების ისტორიამ, მაგრამ იმის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, თუ რა დღეში ჩააყენა ქვეყანა ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის გაფუჭებამ და ედუარდ შევარდნაძის ე.წ. „ბალანსის პოლიტიკამ“ - სამწუხაროდ, იმპერიული (დიქტატორული) რუსეთისგან დემოკრატიული დასავლეთისკენ გაქცევის მცდელობა წალკოტად ქცეული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვად დაგვიჯდა. საკამათო არ არის, რომ რუსეთის „კეთილი ნების“ შემთხვევაში ანალოგიური პრობლემა სხვა რეგიონებშიც გაჩნდეს!
სანაცვლოდ რა მივიღეთ?! ფრთაშეკვეცილი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ყალბი დემოკრატია, დასნებოვნებული ქართული სული, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი გაზულუქებულ ჩინოვნიკთა უმცირესობა და სიღატაკის ზღვარზე დასული საზოგადოების უმრავლესობა!..
რუსეთის აპოლოგეტობას ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ძალად თავსმოხვეული, უზნეობის ჭაობში ჩაფლული ე.წ. დასავლური ღირებულებებისადმი ბრმა მხარდაჭერა (მე ზემოთ შეგნებულად გავუსვი ხაზი ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებს, რომლისგანაც ძალიან შორს დგას დღევანდელი დასავლური სამყარო!).
დიახ, უპირობოდ კვერს ვერ დავუკრავ იმ იდეოლოგიას, რომელიც უარს მათქმევინებს ჩემს იდენტობაზე და ტრადიციებზე! (არადა, ამის მაგალითები ძალიან ბევრია). თუმცა, მხოლოდ ერთმორწმუნეობაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთი, თავისი იმპერიული ბუნებიდან გამომდინარე, შევიყვარო და უფროს ძმად და კეთილმსურველ მეგობრად ვაღიარო!..
შეცდა თუ არა „პატარა კახი“?!
საქართველომ თავისი ისტორიული არსებობის მანძილზე მრავალი ქარტეხილი გამოიარა, მრავალგზის მდგარა მისი ფიზიკური ყოფა-არყოფნის საკითხიც. რაც არ უნდა განსხვავებული აზრი არსებობდეს ქართველებს შორის, გიორგიევსკის ტრაქტატი იმ კრიტიკულ სიტუაციაში, რომელშიც მაშინ საქართველო იმყოფებოდა, ერთადერთი გამოსავალი იყო!
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უფლის ნების (უფლის დაშვების) გარეშე ამ სამყაროში არაფერი ხდება, უნდა ვაღიაროთ, რომ ერეკლე მეორემ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და არაქათგამოცლილი საქართველო ფიზიკურად გადაარჩინა.
სხვა საკითხია, რამდენად ზედმიწევნით შეასრულა რუსეთმა გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული ვალდებულებები და რამდენად შეინარჩუნა საქართველომ დამოუკიდებლობა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნული ტრაქტატით ქვეყანამ პერმანენტულ შემოსევებს თავი დააღწია და შეიძლება ითქვას, წელშიც გაიმართა.
რაც შეეხება კომუნისტური იდეოლოგიის მარწუხებში მოქცეულ საქართველოს, ამ ჭირით დედამიწის 1/6 იყო დაავადებული. თუმცა, ქართული კულტურისა და ხელოვნების აყვავება სწორედ კომუნისტურ ეპოქას უკავშირდება!
ანტირუსულ და ანტიდასავლურ ძალებად გახლეჩილი საქართველო!
ისევ ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძის პათოსს დავუბრუნდები. როგორც ვთქვი, იგი შიშობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ანტიდასავლური ძალებით გაივსება პარლამენტი და ეს ხელს შეუწყობს რუსეთის ჰეგემონიის დამყარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი სიტყვებით თუ ვიტყვით - „რუსეთი ეცდება საქართველოზე სრული კონტროლის განხორციელებას“).
სამწუხაროდ, ქალბატონი ხათუნა არ აკონკრეტებს, ვის მოიაზრებს ანტიდასავლურ (პრორუსულ) ძალებში და როგორ შეძლებენ ისინი დღევანდელი პოლიტიკური რეალობის პირობებში არჩევნების გზით საკანონმდებლო ორგანოში თუნდაც უბრალო უმრავლესობის მოპოვებას. არც იმას აკონკრეტებს, პოლიტიკურ ავანსცენაზე არიან თუ არა ეს ძალები, თუ ისინი ჯერჯერობით იატაკქვეშეთში „ბინადრობენ“ და სწორედ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში გამოვლენ იქიდან...
რაც შეეხება მის მიერ დასახელებულ „ამ ბოლო ხანებში გააქტიურებულ პოლიტიკურ სუბიექტებს“ - ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ დაჯგუფებას, „პატრიოტთა ალიანსს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, თუ ნინო ბურჯანაძეს არ მივიღებთ მხედველობაში, ამ უკანასკნელთ ანტიდასავლური არაფერი ეტყობათ. საკითხავია ისიც, არის თუ არა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე წმინდა რუსული მოვლენა, თუ იგიც დროისა და სიტუაციის შესატყვისად ტივტივებს მოვლენის ზედაპირზე და საჭიროების შემთხვევაში იქითკენ გადაიხრება, საითკენაც პოლიტიკური რეალობა უკარნახებს. თუმცა, თუ მის პოლიტიკურ ბიოგრაფიას გავითვალისწინებთ, იგი თანაბრად მისაღები შეიძლება იყოს როგორც რუსეთისთვის, ისე დასავლეთისთვისაც!..
ერთ რამეში მინდა დავეთანხმო ქ-ნ ხათუნა ლაგაზიძეს: საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობა თანდათან იზრდება და არ გამოვრიცხავ, პრორუსული ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე მართლაც გამოჩნდნენ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი საქართველოთი სერიოზულად დაინტერესდება და ე.წ. ანტიდასავლური ძალების (ეს ლაგაზიძის ტერმინია!) ფინანსურ უზრუნველყოფასაც იკისრებს. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში პრორუსული და პროდასავლური ძალების ბალანსი ახალ ხელისუფლებაში პირველის სასარგებლოდ შეიცვალოს - ყოველ შემთხვევაში ამის მოთხოვნილება საზოგადოებაში უკვე არსებობს!
შეიქმნება თუ არა პოლიტიკური კრიზისი და რამდენად აწყობს ეს „ქართულ ოცნებას“?!
ქ-ნი ხათუნა ვარაუდობს: იმის გათვალისწინებით, რომ დრითიდღე ეცემა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შეიძლება ყველაზე მეტად სწორედ ხელისუფლებას აწყობდეს!
პოლიტოლოგის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას პარტია ფაქტიურად არ ჰყავს (იგულისხმება „ქართული ოცნება“), არა აქვს სათანადო პოლიტიკური რეიტინგი, ანუ ნდობის რესურსი, მას ხელთ აქვს ადმინისტრაციული და პოლიციური ბერკეტები და, რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილის რესურსი, რომელიც მისი თქმით, სასწორზე არ უნდა შეაგდოს, რადგან, „მხოლოდ ეს რესურსი დარჩა!“
უნდა დავეთანხმო, ოღონც ერთი შესწორებით: ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ის „უნიკალური“ რესურსიც გამოეცალოს ხელიდან - საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თანდათან ხვდება ვისთან და რასთან გვქონდა (და გვაქვს) საქმე. მტკიცება არ უნდა, რომ ეს კრიტიკული განწყობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება!
აქედან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ეს „დამოკლეს მახვილი საქართველოს თავზე“.
სხვა საკითხია, რამდენად აწყობთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები „ნაციონალებს“ („ქართული ოცნების“ რეიტინგის დაცემა ავტომატურად არ ნიშნავს „ნაციონალებისადმი“ ნოსტალგიას) და სხვა ახლადგაოპოზიციონერებულ (ალასანია) თუ ამ ბოლო ხანებში „გააქტიურებულ“ პოლიტიკურ სუბიექტებს.
რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ ძალაზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება - ცალ-ცალკე ბევრი ფიქრობს, რომ მათი პოლიტიკური გააქტიურების დრო დადგა, მაგრამ, ჯერჯერობით, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას ვერ ახერხებენ.
მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ფინანსური რესურსებია, რომელსაც „დასავლური სუნი“ ნამდვილად არ ექნება. ჩრდილოეთი კი, ჯერჯერობით დუმს!!!
რაც შეეხება ქართულ ბიზნესს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პროქართული, ანუ ეროვნული ცნობიერების მატარებელი ძალების გააქტიურებას, ისევ სირაქლემას პოზაშია და ყველა საცობს მოხერხებულად ერგება!..
ზაურ ნაჭყებია
P.S. ჩემის აზრით, ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში ბევრ საჩოთირო კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, საიდანაც „მშრალზე“ ვერ გამოვა, პირიქით, შეიძლება ის დარჩენილი რესურსიც შეიწიროს!
უფრო უპრიანი იქნება, საკუთარი ნებსითი თუ უნებლიე შეცდომების (რომელსაც მომავალში შეიძლება დანაშაულის კვალიფიკაციაც მიეცეს!) გამოსწორება კულუარებიდან სცადოს და გასაქანი მისცეს ახალ, სახელმწიფოებრივი ცნობიერებით გამორჩეულ ძალებს, რომლებსაც ხელები არა აქვთ გასვრილი ბინძურ პოლიტიკაში.