ირაკლი ალასანია ოფიცრებს მოვლა-პატრონობასა და მხარდაჭერას ჰპირდება
"მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში სამხედრო ოფიცერთა ძალიან დიდი რესურსია. ამ ადამიანებს სჭირდებათ მოვლა-პატრონობა, ამოცანების სწორად განსაზღვრა. მე, როგორც სამოქალაქო მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათ საკუთარი ამოცანის შესასრულებლად ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჰქონდეთ ".
ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გეგმიური მონიტორინგის დროს განაცხადა.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შეიარაღებულ ძალებში გეგმიურ მონიტორინგს განაგრძობს. ინსპექტირების ფარგლებში, დღეს მინისტრი ეროვნული გვარდიისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტებს ესტუმრა და მათ ხელმძღვანელობას არსებულ პრობლემებზე, მათი მოქმედების ტაქტიკასა და ამოცანებზე ესაუბრა.
დღესვე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოსა და I ქვეითი ბრიგადის სატანკო ბატალიონში იმყოფებოდა. გეგმიური მონიტორინგი დღეს თავდაცვის მინისტრმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" დაასრულა.
ირაკლი ალასანია იმ სამხედრო მოსამსახურეების წვრთნების მიმდინარეობას დაესწრო, რომლებიც მომზადების გავლის შემდეგ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად ავღანეთში გაემგზავრებიან. ირაკლი ალასანიამ დადებითად შეაფასა ჯარისკაცებისა და ინსტრუქტორების მოტივაცია.