ქვეყანა არა ოლიგარქებმა, არამედ, ქართულ ღირებულებებზე ორიენტირებულმა ადამიანებმა უნდა მართონ!
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ყოფილი პარლამენტარი, მამუკა არეშიძე მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრობს და არ გამორიცხავს ამ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერად ლევან ვასაძე მოგვევლინოს!
არეშიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში ცნობილი ექსპერტებიც ვიხილოთ (ჯერ-ჯერობით უცნობია „ცნობილ ექსპერტებში“ საკუთარ თავს მოიაზრებს თუ არა!). საუბარია კახი კახიშვილზეც, რომელიც საზოგადოებაში ნამდვილად სარგებლობდა (ყოველ შემთხვევაში სასჯელაღსრულების მინისტრის პირველ მოადგილედ გადასვლამდე ასე იყო) კომპეტენტური და კონსტრუქციული ექსპერტ-ანალიტიკოსის იმიჯით, თუმცა, მისგან უფრო მწვავე განცხადებების გაკეთებას და პოლიტიკურ გააქტიურებას ითხოვდნენ!..
სხვათაშორის, კახიშვილის გაჩინოვნიკებას ბევრი გაგებით მოეკიდა და იმასაც ამბობდნენ, რომ პენიცენტიალურ სისტემაში მისი დანიშვნით სიტუაცია მეტ-ნაკლებად დალაგდებოდა.
კახიშვილი ცნობილი იურისტი და პოლიტტექნოლოგიების გამოცდილი სპეციალისტია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ადრეც მუშაობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში, საკუთარი პრინციპულობის წყალობით მოახერხა „სუფთად“ გამოსულიყო და კომპეტენტური ექსპერტ-ანალიტიკოსის იმიჯი დაემკვიდრებინა. აქედან გამომდინარე, მისი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა ნამდვილად არ გამიკვირდება!
თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, სხვას ვის მოიაზრებს ბატონი მამუკა „ცნობილ ექსპერტებში“ და საერთოდ, რა კრიტერიუმით ენიჭებათ ეს ტიტული საქართველოში და სად არის ე.წ. „ექსპერტთა სამჭედლო“?!
ჩემი გაგებით, ექსპერტ-ანალიტიკოსი გარკვეული პროფილის სპეციალისტია, რომელიც აკეთებს რა სიტუაციის კომპეტენტურ ანალიზს, მიახლოებით პროგნოზებს მაინც იძლევა.
ჩვენს სინამდვილეში, რომ არაფერი ვთქვათ კომპეტენციაზე (უფრო სწორად, არაკომპეტენტურობაზე) და წყალ-წყალა „პროგნოზებზე“, ქართველ „ექსპერტთა“ უმრავლესობა გამოკვეთილად „კონიუნქტურშიკები“ არიან და ისე ჭრიან და კერავენ, როგორც ეს კონკრეტულ სიტუაციაში სჭირდებათ. მათი უმრავლესობა უფრო ტენდენციური პოლიტიკური განცხადებებით იფარგლება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პროგნოზებთან და ანალიტიკასთან!..
ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც ბრწყინავს, ყოველთვის ოქრო არ არის!
ახლა რაც შეეხება არეშიძის მიერ დაანონსებულ სავარაუდო მესამე ძალას და ასევე სავარაუდო ლიდერს, ბ-ნ ლევან ვასაძეს, პირდაპირ ვიტყვი: გამოუსწორებელ შეცდომაც მიმაჩნია მესამე პოლიტიკურ ძალაზე საუბარი - თუ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ცალ-ცალკე პოლიტიკურ ძალად ვაღიარებთ (არადა, ისინი დაახლოებით ერთი და იგივე წიაღიდან გამოსულები არიან და ერთი და იგივე იდეოლოგია აერთიანებთ), გამოდის, რომ მესამე ძალაც ამ ორის იდეოლოგიური გაგრძელება იქნება, მხოლოდ განსხვავებული სახელებითა და გვარებით.
ამ ფორმულირებას ვერ ცვლის ლევან ვასაძის სავარაუდო ლიდერობაც, რადგან, ბიძინა ივანიშვილისა არ იყოს, ვასაძეც ჩვეულებრივი ბიზნესმენია (კაპიტალის მასშტაბებს მნიშვნელობა არა აქვს), ბიზნესმენის ფსიქოლოგიითა და „დატვირთული“ ვალდებუ;ებებით.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ: არ გვჭირდება ბიზნესის ფსიქოლოგიით მართული საქართველო. მერე რა, თუ ბატონი ვასაძე პატრიარქის კეთილგანწყობით სარგებლობს?!
როცა ხელისუფლებაში მოდიან, მერე ყველას პატრიარქიც ავიწყდება და საქართველოც! არ შეიძლება ერთი და იგივე შეცდომა მრავალგზის დავუშვათ და ქვეყანა კიდევ ერთი სერიოზული დარტყმის ქვეშ დავაყენოთ...
პირადად ჩემთვის (დარწმუნებული ვარ თანამოაზრეებიც ბევრი გამომიჩნდება) მიუღებელია მესამე პოლიტიკურ ძალაზე საუბარი - ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ჩვენ ორიენტაცია უნდა ავიღოთ ახალ ძალაზე, რომელიც ახალ ოდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული და ახალი (პროქართული) ენერგიის მატარებელი სუბიექტებით დაკომპლექტდება.
დიახ, ქვეყანა არა ოლიგარქებმა, არამედ, ქართულ ღირებულებებზე ორიენტირებულმა ადამიანებმა უნდა მართონ!..
ზაურ ნაჭყებია