ბიძინა ივანიშვილი: გავარკვევთ, რატომ ხდებოდა გაზის ფასის ხელოვნური მატება
გაზის ფასის მატება ხელოვნურად ხდებოდა და ჩვენ ამ ყველაფერს გავარკვევთ. ამის სესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" პრეზიდენტთან შეხვდისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილისა და როვნაგ აბდულაევის შეხვედრა "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" სათავო ოფისში გაიმართა და იგი გაცნობით ხასიათს ატარებდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო როგორც ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებას, ასევე გაზისა და ნავთობის თემას.
"საუბარი იყო ყველაფერზე, ჩვენს კარგ მეზობელთან არსებულ ურთიერთობებზე, ვისაუბრეთ ნავთობზე, გაზზე, პოლიტიკაზე, ძალიან თბილი საუბარი გვქონდა... ჩვენს ხელისუფლებას ექნება მსჯელობა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და "სოკართან". აღსანიშნავია, რომ მათგან გაზის მოწოდების ფასი არის ძალიან საინტერესო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რესურსის გამოძებნა ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს. გაზის ფასის მატება ხელოვნურად ხდებოდა და ჩვენ ამ ყველაფერს გავარკვევთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
"სოკარის" პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა დღევანდელი შეხვედრის გამო და აღნიშნა, რომ შეეცდება საქართველოში ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაზარდოს.
"სოკარ ენერჯი ჯორჯიას" სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდნენ.