გიგლა აგულაშვილი:-"მოსალოდნელია მიზანმიმართული დეზინფორმაციული ნიაღვარი"
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გალის რაიონის დე-ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია გალის რაიონის საგანმანათლებლო საშუალო სკოლებში მეგრული ენის სწავლების შემოღებასა და მეგრული ტელემაუწყებლობას გეგმავს.
სავარაუდოდ მეგრულენოვანი ტელევიზიის სახელწოდება "სამურზაყანო" იქნება. ახალი ამბები ეთერში მეგრულად გავა. ფილმები კი დუბლირებული იქნება მეგრულ ენაზე ასევე ნაჩვენები იქნება მეგრული სიმღერებზე გადაღებული ფილმები. თავიდან ტელევიზია მხოლოდ დღე-ღამეში 5 საათი იმაუწყებლებს.
მეგრულენოვანი ტელევიზია გალის რაიონში მაუწყებლობას სავარაუდოდ პირველი მარტიდან დაიწყებს. ტელეგადაცემების ნახვა ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი, თუმცა როგორც ტელევიზიის დამფუძნებლები ამბობენ ტელევიზიის სიგნალი მთელს დასავლეთ საქართველოს დაფარავს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი უმრავლესობის წევრს გიგლა აგულაშვილს ვთხოვეთ.
-"რუსული რბილი ძალის აქტიურობის შედეგია თემურ ნადარაიას ინიციატივა. ასეთი და მსგავსი ინიციატივები პერიოდულად ჩნდება ხოლმე და პარტიკულარიზმის გაღვივებას, ცენტრიდანული ძალების წახალისებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებული აქცენტები მეგრულენოვანი მოსახლეობის მისამართით კეთდება. მოსალოდნელია მიზანმიმართული დეზინფორმაციული ნიაღვარი, რის გასანეიტრალებლად საჭიროა ფართო საინფორმაციო კამპანია"-განაცხადა აგულაშვილმა ჩვენთან საუბრისას.