რატომ თავხედობენ ნავთობიმპორტიორები?
საქართველოს ახალმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას ცალსახად განაცხადა, რომ ხელოვნური მონოპოლიები უნდა მოისპოს და გზა ჯანსაღ კონკურენციას უნდა დავუთმოთ.
ივანიშვილმა გააფრთხილა ბიზნესმენები, რომ ვინც ამ მოთხოვნას არ დაემორჩილებოდა, კანონის ძალით პრობლემები შეექმნებოდა. საზოგადოება შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ბიზნესმენებმაც გასაგები გაიგეს. აქედან გამომდინარე, თამაშის წესებიც უნდა შეცვლილიყო, მაგრამ...
როგორც ჩანს, ზოგიერთებმა პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა ერთ ყურში შეუშვეს და მეორედან გამოუშვეს. ასე იქცევიან, მაგალითად, ნავთობიმპორტიორები. მართალია, მათ პირველ დღეებში ნაკლებად მოხმარებად ნავთობპროდუქტებზე ფასი დასწიეს, მაგრამ ყველაზე მოთხოვნად საწვავზე, "რეგულარზე", თითქმის არ შეუცვლიათ. არადა, ეს მაშინ როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულება მკვეთრად კლებულობს. ცნობისათვის: მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა ბენზინის საბითუმო ფასმა 200 დოლარით დაიწია. დაახლოებით იმავე მოცულობით შემცირდა საბითუმო ფასი დიზელზეც.
მართალია, ქართული ბაზარი მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს ხშირად უგულებელყოფს, მაგრამ ნავთობიმპორტიორთა ასეთი თავხედობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ისინი ჯიუტად აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ყველაზე მოხმარებად საწვავზე გაიაფებას არ გეგმავენ და მომხმარებლის ხარჯზე სოციალურ მოგებასაც იჯიბავენ.
მართალია, ტრადიციული გაგებით, ფასებს ბაზარი არეგულირებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ხელოვნურ მონოპოლიებთან და კარტელურ შეთანხმებებთან არ გვექნება საქმე.
აქედან გამომდინარე, ახალმა მთავრობამ სასწრაფოდ უნდა აამოქმედოს ანტიმონოპოლიური კანონი, რომელიც წინა ხელისუფლებამ სანაგვეში მოისროლა და ამით მონოპოლიებს სასათბურე პირობები შეუქმნა.
არადა, ბიზნესის კანონი უნდა ლობირებდეს და არა ხელისუფლება, რომელიც ამ კორუფციულ სქემაში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული.