თამარ ბერუჩაშვილი: ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში!

თამარ ბერუჩაშვილი: ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში!

ბერუჩაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველო- ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

 

"ასოცირების შეთანხმება - ეს არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მძლავრი სტიმული მომავალი რეფორმებისთვის",- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ  ბერუჩაშვილმა განაცხადა.

"მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის რომელიმე ცალკეული პოლიტიკური ძალის დამსახურება. ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის მიღწევაა, რომელიც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ კურსს. ამასთანავე, ეს ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევის ნათელი შედეგია, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების მყარ საფუძველს.

ასოცირების შეთანხმება, რომელიც დროებით ამოქმედდა ამა წლის 1 სექტემბრიდან, არის საქართველოს გაერთიანების, უსაფრთხოების და  გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.

ამ შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას ქვეყანაში მუდმივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს კეთილდღეობას  და სტაბილურობას მოუტანს.

ამგვარად, ასოცირების შეთანხმება - ეს არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მძლავრი სტიმული მომავალი რეფორმებისთვის",-განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია გუშინ მოახდინა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: