თამარ ბერუჩაშვილი: დიალოგის ნებისმიერი ფორმატი განსაკუთრებით რუსეთთან უნდა ემსახურებდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს!
"დიალოგის ნებისმიერი ფორმატი ყველა სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით რუსეთთან და განსაკუთრებით დღეს უნდა ემსახურებდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონელ კოლეგა კეიტ პენტუს-როსიმანნუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნულით ბერუჩაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ეხებოდა.
"ვინ, სად, როგორ, რატომ - ამაზე უნდა ჩამოყალიბდეს პოზიცია, უნდა შეჯერდეს მიდგომები. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ მუშაობს. ჩვენ ჩართული ვართ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, არსებობს აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელიც დღეს არის გარკვეული პაუზის რეჟიმში, რადგან არ არის დათქმული მორიგი შეხვედრის დრო. ვისურვებდი, მოსკოვიდან ისეთი მესიჯები ყოფილიყოს, რომელიც არ შეეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს და იმ უნივერსალურ ღირებულებს, იმ ხელშეკრულებებს და დეკლარაციებს, რომლის ხელმომწერი თვითონ რუსეთი არის", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილი.