"ქართული აკადემია" გვაფრთხილებს
"ქართულმა აკადემიამ" საქართველოს მისახლეობას მიმართა. აკადემიის წევრები თვლიან, რომ გამორიცხული არ არის პროტესტის ცალკეული შემთხვევები საბოტაჟსა და ქაოსში გადაიზარდოს და ამით ძლიერი დარტყმა მივაყენოთ 1 ოქტომბრის არჩევნების მონაპოვარს.
გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს: "საქართველოს ყოფილი მთავრობის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა და დანაშაულებრივმა ქმედებებმა ქვეყანა თითქმის განადგურებამდე მიიყვანა. ბუნებრივია, საჭიროა თანამიმდევრული და საფუძვლიანი მოქმედებებით განხორციელდეს ეკონომიკური აღორძინება. მყისიერმა და გაუაზრებელმა პოლიტიკამ შესაძლოა ქვეყანა სრულ კატასტროფამდე მიიყვანოს.
სამწუხაროდ, ბოლო დღეებში, საკუთარი პირობების გაუმჯობესების მიზნით, თავი იჩინა დევნილებისა და სოციალურად დაუცველთა მიერ შენობათა თვითნებურად დაკავებამ და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა (მაღაროელების, მძღოლებისა და სხვ.) გაფიცვებმა.
ვის, თუ არა ჩვენ, სამეცნიერო და სახელოვნებო საზოგადოებას, რომელთა შემოსავლები ძირითადად საარსებო მინიმუმს არ აღემატება, გვესმის შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობა და თხოვნით მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც უამრავი ჭირ-ვარამი გადაუტანია, დღესაც გამოიჩინოს მოთმინება და ახალ მთავრობას მისცეს საშუალება, სწრაფად და მშვიდ ვითარებაში განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი პროგრამა.
მოვუწოდებთ მერიას და სხვა დაწესებულებებს, სოციალურ სფეროში თავი შეიკავონ ისეთი გაუმართლებელი ქმედებებისაგან, რომლებიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის ესკალაციას.
შექმნილი ვითარებით შეიძლება ისარგებლონ რევანშისტულმა პოლიტიკურმა ძალებმა და სამართლიანი პროტესტის ცალკეული შემთხვევები, გამორიცხული არ არის, საბოტაჟსა და ქაოსში გადაზარდონ. ამით ისინი შეეცდებიან საზოგადოების ყურადღება საკუთარი დანაშაულებრივი საქმეებიდან სოციალურ პრობლემატიკაზე გადაიტანონ, რაც ხელს შეუშლის საქართველოში სამართლიანობის აღდგენას.