გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში დემოკრატიის დონე გაიზარდა!
"რუსეთის სავალუტო კრიზისმა და უკრაინის კონფლიქტმა საქართველოს ეკონომიკას დარტყმა მიაყენა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა კვლავ ძლიერ განაგრძობს ზრდას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "როიტერისთვის" მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, საქართველოში დემოკრატიის დონე გაიზარდა, მაგრამ ქვეყნის ოფიციალურ პირებს ახალ პოლიტიკურ გარემოსთან ადაპტირებისთვის დრო სჭირდებათ.
"რუსული რუბლის რყევა რუსულ ბაზარზე ზოგიერთ ჩვენს პროდუქტზე, ძირითადად ალკოჰოლსა და სასმელზე აისახა. პროდუქტი გაძვირდა და, რა თქმა უნდა, ეს ქართული ღვინის პროდუქციასაც დაეტყო. ეს არ არის კატასტროფა, მაგრამ ჩვენს ვგრძნობთ რუბლით გამოწვეულ პრობლემებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ რუსული რუბლის ვარდნითა და უკრაინის კრიზისით გამოწვეული გვერდითი მოვლენებით დაზარალდა. მარგველაშვილი განმარტავს, რომ ეს კატასტროფა არაა.