რატომ აფრთხილებს კახა კუკავა ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს სახალხო დამცველის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს არასამთავრობოები და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც გამოეხმაურნენ. ისინი თვლიან, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნებას და ომბუდსმენად შესაფერისი კანდიდატურა შეარჩიოს.
ახალ მთავრობას სპეციალური მიმართვა გაუგზავნა პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ. იგი აფრთხილებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, თავიდან აიცილოს უხეში შეცდომა, რომელსაც შეიძლება სხვა შეცდომებიც მოჰყვეს და ეს ახალმა ხელისუფლებამ ნორმად აქციოს.
კუკავა ურჩევს პრემიერ-მინისტრს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარება დემოკრატიულ ინსტიტუტებს დაეფუძნოს და არა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ პერსონებს.
მას მიაჩნია, რომ უნდა შეჩერდეს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცედურა და ჩატარდეს მიუკერძოებელი სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მისაღებ კანდიდატურას წარმოაჩენს. პარლამენტს სწორედ ეს კანდიდატურა უნდა წარედგინოს განსახილველად და დასამტკიცებლად.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობამ ომბუდსმენის თანამდებობაზე რეკომენდაცია ნინა ხატისკაცს მისცა, რომელმაც თავის დროზე საკუთარი კანდიდატურა თამარ გურჩიანის სასარგებლოდ მოხსნა. სხვა კანდიდატები - ლია მუხაშავრია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გელა ნიკოლაიშვილი, რომლებიც სხვადასხვა არასამთავრობო გაერთიანებებმა წარადგინეს, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე არც კი მიუწვევიათ, რამაც არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციურად განწყობილი პარტიების გაღიზიანება გამოიწვია.
რაც შეეხება კახა კუკავას, მისი ფავორიტი დიმიტრი ლორთქიფანიძეა.