"მოვითხოვთ, რომ ამ სამარცხვინო განცხადებაზე სამინისტროს ხელმძღვანელობამ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა"
თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან. ყოფილი მაღალჩინოსნები მიმართვაში გარდაცვლილი ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს სამძიმარსაც უცხადებენ.
"თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები კატეგორიულად ვგმობთ ამ ჩვენთვის ძალიან ახლობელი უწყების 20 დეკემბრის განცხადებას უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის შესახებ.
გვსურს გამოვხატოთ სამძიმარი ოჯახის მიმართ.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება:
"- შეურაცხყოფს დაღუპულ გმირსა და მის პატრიოტულ იდეალებს. - არის უკიდურესად საზიანო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ინტერესებისათვის. - წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზაციის უაღრესად საშიშ მაგალითს. - აკნინებს გმირობის, ვაჟკაცობის და სიმართლისათვის ბრძოლის მცდელობას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ღირსეულმა სახელმწიფომ მტერთან ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას დაღუპული თავისი მეომრის ღირსება უნდა დააფასოს და დაიცვას. - ლახავს ქართველ ჯარისკაცთა მუნდირის ღირსებას, იწვევს სამხედროების პროფესიის დისკრედიტაციასა და სახელმწიფოს დაცვის მოვალეობის ფუნდამენტური პრინციპის მთლიან დეგრადაციას.
მოვითხოვთ, რომ ამ სამარცხვინო განცხადებაზე სამინისტროს ხელმძღვანელობამ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
გელა ბეჟუაშვილი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სიხარულიძე - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ანდრო ბარნოვი - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, პაატა გაფრინდაშვილი - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკა ვაშაკიძე - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მამუკა კუდავა - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი მუჩაიძე - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ქათამაძე - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბათუ ქუთელია - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე,"-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა.ამ დროისთვის განცხადება არც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – mod.gov.ge-და არც facebook-ის უწყების ოფიციალურ გვერდზე აღარ დევს.