ოთარ დანელია: თავდაცვის სამინისტროს განცხადება გაუგებრობა იყო!
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გაუგებრობად აფასებს.
"მე ვფიქრობ, რომ ეს იყო აშკარად გაუგებრობა, მითუმეტეს, ვეყრდნობით გაკეთებულ განცხადებას, რომ საბოლოო ვარიანტი არ იყო მინისტრთან შეთანხმებული. როგორც ჩანს, ეს იყო უხერხული გაუგებრობა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
არსებობს პიარის ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთში კონსულტაციებს გადიან და ამ დონეზე ხდება ხოლმე თემების განხილვა- განაცხადა დანელიამ.
"მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება, ეს ჰგავს ძალიან უხერხულ გაუგებრობას და მეტს არაფერს. ბუნებრივია, ეს არ იქნებოდა მიზანმიმართული რაღაცა არასწორი აღქმისათვის", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო შაბათს მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.