მელორ ვაჩნაძეს ათავისუფლებენ
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.
"2012 წლის 10 ნოემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გაიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა ახალი შემადგენლობით.
სხომაზე განიხილეს 250-მდე მსჯავრდებულის განცხადება, რომლებსაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ ადგილობრივი საბჭოების მიერ წინა თვეებში.
პრიორიტეტი მიენიჭათ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულებს, მათ შორის აივ ინფექციით (შიდსი) და ტუბერკულოზით დაავადებულებს, ასევე პირებს, რომლებიც არ იყვნენ გასამართლებული ძალადობრივი დანაშაულისთვის და მსჯავრის სრულ მოხდამდე დარჩენილი ჰქონდათ 6 თვემდე. ამასთანავე, ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკები.
აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, დღეს 60 პატიმარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, აქედან 2 არასრულწლოვანი, 5 ქალი. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებული მელორ ვაჩნაძე და თემურ ჟორჟოლიანი.
პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია და ადგილობრივი საბჭოები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ მსჯავრდებულთა განცხადებების განხილვას", -ნათქვამია განცხადებაში.