მინდია ჯანელიძე:-""ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნის და სურვილების დაკმაყოფილებას არ ვაპირებ"
თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრის მიმართ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მინდია ჯანელიძე პასუხობს და აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. ის ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
-"არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ რაღაც პასუხისმგებლობას ვიხსნი. პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. მიუხედავად იმისა, სამინისტროს ტექსტს გაცნობილი ვიყავი თუ არა. ჩემს უწყებაში რა ხდება, ამაზე პასუხისმგებლობა მაქვს. თუმცა ეს არ იყო წინასწარ განზრახული შეცდომა, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. რაღაც მიზეზების გამო საბოლოო ტექსტს ვერ გავეცანი.
რაც შეეხება გადადგომას, ეს "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა იყო და მათი სურვილების დაკმაყოფილებას არ ვაპირებ.
არასწორი განცხადებები გაკეთდა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლითაც ის ჩვენს ჯარისკაცებს მოუწოდებს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახური შეწყვიტონ და სამსახურისთვის სხვა ქვეყანაში წავიდნენ, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო განცხადება, ამიტომ ვფიქრობ, ყველა მოაზროვნე ადამიანმა ეს უნდა დაგმოს და თავის პოზიცია დააფისიროს. რაც შეეხება უკრაინას, ის ჩვენი მეგობარია და მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, დახმარება აღმოვუჩინოთ, მაგრამ მხოლოდ სწორი ფორმებით".