თამარ ბერუჩაშვილმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების 50-მდე წარჩინებულ ბავშვს დაუვიწყარი ზეიმი მოუწყო
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების 50-მდე წარჩინებულ ბავშვს დაუვიწყარი ზეიმი მოუწყო. სამინისტროს ორგანიზებით, ბავშვები თბილისს ესტუმრნენ და გასართობ ცენტრ "ლოლი-პოპში" საახალწლო წარმოდგენას დაესწრნენ.
თბილისში ბავშვებისთვის მცირე შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო, საღამოს კი საბავშვო ცენტრ "ლოლი-პოპში" სპეციალურად მათთვის საახალწლო წარმოდგენა გაიმართა.
"იმედი მაქვს, რომ ამ ბავშვებისთვის ეს იქნება დასამახსოვრებელი დღე. ვულოცავ მათ დამდეგ ახალ წელს, იმედი მაქვს, რომ 2015 წელი მათთვის ბევრად უფრო სასიხარულო იქნება და ბავშვებს ბევრ წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.
საახალწლო წარმოდგენას საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო უწყების ხელმძღვანელობა მასპინძლობდა. ზეიმის დასრულების შემდეგ მინისტრმა ბავშვებთან ფოტოები გადაიღო და საბავშვო წიგნები "თამარ მეფე" და "თბილისის ისტორია" უსახსოვრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს და მათთვის სხვადსახვა ღონისძიებებს მართავს. 2013-2014 წწ-ში სამინისტროს ინიციატივით პროექტი "ღია კარის დღე-ვეცნობით ევროპას" მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ბავშვები თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიებს ესტუმრნენ და მათ სამახსოვროდ სიმბოლური პასპორტები გადაეცათ. "დიპლომატიური თასი - 2014"-ის საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში კი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 10-მდე სკოლას სპორტული და სასწავლო ინვენტარი გადაეცა, საფეხბურთო ფინალურ მატჩს კი სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.