დავით სერგეენკო: "მაღალმთიან რეგიონში მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს"

დავით სერგეენკო: "მაღალმთიან რეგიონში მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს"

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება 9 რაიონში მოქმედ სამედიცინო ცენტრის გამოსყიდვაზე. დღეისთვის ყველა პროცედურა დამთავრებულია ოთხ რაიონში, ეს არის: ამბროლაური, ონი, ცაგერი და მესტია.საუბარია სადაზღვევო კომპანია "აისი ჯგუფის" სამედიცინო ცენტრების გამოსყიდვაზე. რაც შეეხება "ჯიპიაიჰოლდინგისა" და "ირაოს" სამედიცინო ცენტრებს, რომელიც მდებარეობს თიანეთში, წალკაში, ყაზბეგში, თეთრიწყაროსა და ბაკურიანში, გადაწყვეტილება აქაც მიღებულია, მაგრამ პროცედურები დამთავრებული არ არის.


ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში, მოსახლეობას ექნება ის სერვისები და სამედიცინო დახმარება, რომელიც მათ ჯანმრთელობას  უსაფრთხო დონეზე  უზრუნველყოფს.

 "იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ, რა იქნება სამომავლოდ, კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რა პრობლემებიც გვქონდა რეგიონულ საავადმყოფოებში და რატომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ეს საავადმყოფოები იმყოფებოდა კერძო მფლობელობაში და არსებული საინვესტიციო ხელშეკრულებები არ ავალდებულებდა მათ, სრული სიმძლავრით აემუშავებინათ ისინი, ამიტომ მხოლოდ მცირე ამბულატორიული სერვისები ფუნქციონირებდა, დანარჩენი სერვისები ფაქტობრივად პარალიზებული იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე მოლაპარაკებები გვქონდა. ეს საავადმყოფოები რომ არ გაჩერებულიყო, გავზარდეთ სპეცდაფინანსება, შეგნებულად მივდიოდით თანხების საკმაოდ დიდი რაოდენობის გადახდაზე, ოღონდ იქაურ მოსახლეობას საფრთხე არ შექმნოდა. საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ რადგან კერძო კომპანიებისთვის ეს ბიზნესი წამგებიანი იყო და მათ ვალდებულებებიც არ ჰქონდათ გაწერილი, უნდა გადმოსულიყო სახელმწიფოს მფლობელობაში. სახელმწიფო ვალდებულია. იზრუნოს თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, მართვაში უკვე გადმოეცა სახელმწიფოს, ძველი დავალიანებები ამ კლინიკების მიმართ დაიფარება კერძო მმართველების მიერ უახლოეს პერიოდში. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობას ექნება ის სერვისები და სამედიცინო დახმარება, რომელიც მათ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს უსაფრთხო დონეზე", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: