სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული ბოსტნეულის რუსეთში შეტანის აკრძალვას არ ადასტურებს
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ახალი წლიდან რუსეთში ქართული ხილისა და ბოსტნეულის შეტანა იკრძალება, სიმართლეს არ შეესაბამება- ამის შესახებ აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"რუსეთის ბაზარაზე ქართული პროდუქციის ექსპორტი 2013 წლიდან განახლდა. პირველ ეტაპზე რუსეთის ბაზარზე დაბალი ფიტოსანინიტარიული რისკის, მოგვიანებით კი, მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის შემცველი პროდუქცია დაიშვა. ამ ეტაპზე საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური და მინერალური სასმელების, ასევე ბოსტნეულის, ხილის, ციტრუსის, მშრალი ხილის, სუნელების, ჩაის და დაფნის ექსპორტი ხორციელდება.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცხოველური წარმოშობის პროდუქციის, ცხვრის, თევზისა და თაფლის ექპორტის განსახორციელებლად", - ნათქვამია განცახდებაში.
ცნობისთვის: მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ახალი წლიდან რუსეთში შესაძლოა ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანა აიკრძალოს. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა პუტინმა ხელი ჯერ კიდევ აგვისტოში მოაწერა და ამის მიზეზად საკარანტინო პირობები დაასახელა.