ილია მეორე:-"იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ამინ!"
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სრულიად საქართველოს ქრისტეს შობას და ახალ წელს ულოცავს.
"ღვთითკურთხეულო ჩვენო სულიერო შვილებო, საქართველოში მცხოვრებო სხვადასხვა ერებისა და რელიგიების წარმომადგენელნო, უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის! გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობას და ახალ წელს!
ყოველ წელს ჩვენ ველოდებით სიახლეს. ვთხოვთ უფალს ბედნიერებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნება დაემორჩილება ღვთის ნებას. თუ ჩვენ გავაკეთებთ სიკეთეს და ეს სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს განსაცდელი. ნუ შეგეშინდებათ ამისი. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო იქნება ბედნიერი.
დღეს, როდესაც ადამიანი დგას მრავალი პრობლემის წინაშე, უნდა გააძლიეროს ლოცვა. ჩვენ მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული. უნდა გავაძლიეროთ ლოცვა ღვთისადმი, მაცხოვრისადმი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და ჩვენ ვიქნებით ბედნიერი. ღვთის წყალობით ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. საქართველო იქნება მთლიანი და გახარებული.
ახლა კი ავდგეთ ფეხზე და მოვისმინოთ დალოცვის ლოცვა.
"გარდამოიხილე ზეცით ღმერთო და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან!
მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ამინ!", - ბრძანა პატრიარქმა საახალწლო მილოცვაში.