"პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მთავარ სიახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეფორმირება წარმოადგენს

"პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მთავარ სიახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეფორმირება წარმოადგენს

   "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებები შედის, რომლის თანახმად მთელი რიგი პროცესები იცვლება.

   ერთ-ერთი ასეთი ცვლილებაა  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისიის - ე.წ. უდოს კომისიის, გაუქმება. პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ადგილობრივი საბჭოები მიიღებს.

 

   "უდოს" კომისიის გაუქმებას "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწისნებს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მომზადდა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს რიგი დისციპლინური დარღვევის გამო, შესაძლოა არაუმეტეს 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც შეეფარდოთ.

 

   ადმინისტრაციული წესით 90-დღიანი პატიმრობა მათ ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით დაეკისრებათ, როგორიცაა: დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა პირისათვის მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევა. განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა. ასევე ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ.

 

   შესაბამისი ცვლილებები "პატიმრობის კოდექსში"  შედის, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა და მთავრობის ინიციატივით განსახილველად პარლამენტს წარედგინა.

 

   90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას აღარ დაექვემდებარება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა, როგორც ამას დღეს მოქმედი კოდექსი ითვალისწინებს.

პატიმრის მიერ საჩივრის წარდგენასთან და მის განხილვასთან დაკავშირებული ვადები იცვლება. ბრალდებულს თუ მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების თანამშრომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, ასევე პატიმრებისთვის კანონით დადგენილ უფლებათა ხელყოფა.

 

   "პატიმრობის კოდექსის" თანახმად, საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან სამი თვის ვადაში. აღნიშნული ვადა, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, ერთ თვემდე მცირდება.

 

   რაც შეეხება საჩივრის განხილვის ვადებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, მოქმედი კოდექსით, საპატიმრო დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს მიღებიდან ხუთი დღის ვადაში განიხილავს. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნული ერთთვიანი ვადა 10-სამუშაო დღემდე ჩამოდის. საჩივრის განსახილველად 10 სამუშაო დღე ეძლევა დეპარტამენტის თავმჯდომარესაც.

პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსების ვადა 20 დღიდან 14 დღემდე მცირდება. მთავრობის  განმარტებით, მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების ვადის შემცირება ევროსაბჭოს რეკომენდაციის გათვალისიწინებით ხორციელდება.

 

   "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მთავარ სიახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეფორმირება წარმოადგენს. კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, უქმდება და ის პენიტენციურ დეპარტამენტად გარდაიქმნება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: