მამუკა კაციტაძე:"მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს მუშაობა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით"
"ახალი მემარჯვენეების" გენერალურმა მდივანმა მამუკა კაციტაძემ საარჩევნო სისტემისა და გარემოს ნაკლოვანებებზე ისაუბრა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. კაციტაძის თქმით, ის მანკიერი საარჩევნო სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ "მოქალაქეთა კავშირის" დროს დამკვიდრდა, კარგად გამოიყენა ჯერ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და შემდეგ "ქართულმა ოცნებამ".
"მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს მუშაობა საარჩევნო გარემოს და განსაკუთრებით საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. საარჩევნო სისტემა საქართველოში მანდატის წონის და მიღებული ხმებისა და მანდატების თანაბრობას ვერ უზრუნველყოფს. კანონი იძლევა საშუალებას, რომ ხელისუფლებამ მანდატების დაახლოებით 25-30% მოიპაროს. თბილისში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველმა კოალიციამ ხმების 44% ერგო, მანდატების 76% კი მიიღო. მანდატების 30% კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოში მოიპარა",- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
კაციტაძის თქმით, თებერვალში, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე კანონში და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიცირება უნდა მოხდეს. მამუკა კაციტაძე არსებული პრობემის გადასაწყვეტად ხელისუფლებას დროული და აქტიური მოქმედებებისკენ მოუწოდებს.