კახი კახიშვილი: "პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებამოსილება შესაძლოა, სასამართლოს ხელში გადავიდეს"
პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებამოსილება შესაძლოა, სასამართლოს ხელში გადავიდეს. აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახი კახიშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი მოდელი, რომელზეც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების მიმართულებით მუშაობს.
"განიხილება ორი ვარიანტი: კერძოდ, პირისთვის თავისუფლების აღკვეთის კონსტიტუციური უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს გააჩნია, მაგრამ კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იმ ორგანოებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება, ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა. განიხილება საკითხი ასევე იმის შესახებ, რომ ან სამინისტროს შესაბამისი საბჭოების საკითხი კონსტიტუციაში დაფიქსირდეს და მის მიერ ზეპირი განხილვის წესი მკვეთრად გაიწეროს, ან აღნიშნული უფლებამოსილება მთლიანად სასამართლოს გადაეცეს", - აცხადებს კახიშვილი.