ზურაბ ტაბიძე: "ასანთის ღერის სისქის ნაჩხვლეტი ბალზამირების პროცესში კეთდება ცხედარზე"
ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ლევან ჩაჩუას სასამართლოს პროცესის შემდეგ ჩაჩუას ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურის მოწმის დაკითხვის შემდეგ დადასტურდა, ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ რაულ უსუპოვს მკერდის არეში არა დაზიანებები, არამედ ბალზამირების პროცესში მიღებული ნაჩხვლეტი გააჩნია. ადვოკატის განმარტებით, სასამართლოში დაკითხული მოწმე, ექსპერტიზის ბიუროს სანიტარი ადასტურებს, რომ ასანთის ღერის სისქის ნაჩხვლეტი ბალზამირების პროცესში კეთდება ცხედარზე.
"ზოგჯერ, როდესაც ბალზამირებას აკეთებენ, ბალზამი არ გადის მთელს სხეულში, ასეთ შემთხვევაში ხდება ასანთის ღერის სისქის ნემსით ჩხვლეტა სხვადასხვა ადგილებში, რომ ბალზამმა შეაღწიოს და გვამი გაშეშდეს. აქედან ვაკეთებ დასკვნას, რომ როცა უსუპოვის თანასოფლელი განმბანი მოლები საუბრობდნენ წინა პროცესებზე, რომ უსუპოვს გულმკერდის არეში ჰქონდა დაზიანებები და ნაჩხვლეტებიდან გადმოსდიოდა სისხლი, ეს არ იყო რაიმე დაზიანების მიზეზი, არამედ ეს იყო ბალზამის მიზეზით, რადგან ბალზამი იყო იმ ადგილებში გაკეთებული", - განაცხადა ადვოკატმა.