ბაჩო ახალაია ლაფანყურის ოპერაციაზეც საუბრობს
ჟურნალ "ლიბერალის" მიერ დღეს გავრცელებულ ინტერვიუში ბაჩო ახალაია ლაფანყურის ცნობილი მოვლენების შესახებაც საუბრობს.
საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ლაფანყურის ოპერაცია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო დადგმული და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ამ ოპერაციის დროს 5 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, რასაც ხელისუფლებაში დღესაც არ აღიარებენ.
"შევამჩნიეთ შეიარაღებული ჯგუფი. როცა ეს გავიგე, სენაკში ვიყავი და სასწრაფოდ გადავფრინდი. კოორდინატების მიხედვით მივხვდი, რომ ისინი რუსეთის საზღვართან ახლოს იყვნენ, რაც, ალბათ მიხვდებით, როგორ საფრთხესაც წარმოადგენდა. ჩვენ მოლაპარაკება შევთავაზეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ის, რომ თითქოს მძევლები არ აუყვანიათ, ტყუილია. წინააღმდეგ შემთხვევაში აქეთ დაგვხოცავდნენ. ჯგუფის ასეთი განეიტრალება ჯერ ჩვენ არ განგვიხორციელებია, სწორედ ამიტომ იყო საჭირო ამხელა ძალები".
სასამართლო 9 ნოემბერს გაიმართა, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა. მსჯავრდებული აცხადებს, რომ სასამართლოს იმედი არ აქვს, რადგან მოსამართლეს ძალიან დიდი გაბედულება დასჭირდება ობიექტური განაჩენის გამოსატანად. ბაჩო ახალაია არ აღიარებს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს, განსაკუთრებით კი ციხის კადრებთან მის კავშირს.
"ჩემი დაკავება რომ პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი, ადვილი მისახვედრია. ავიღოთ ბოლო ერთი წელი, რამდენ კონტექსტში მახსენეს უარყოფითად! ალასანიამ უშიშროების საბჭოს გადასცა თითქოსდა უკანონო ბანდფორმირებების სიები. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრალდება იყო. სად არის ახლა ის სიები? იქ კონკრეტული გვარები იყო ჩამოთვლილი. გეხსომებათ ბრალდება, რომ ბინებში გატანილი გვქონდა იარაღი და სისხლისღვრას ვაპირებდით. სად არის ის ბინები? სად არის სისხლისღვრა? სად არის მტკიცებულებები?"- აცხადებს ციხის იზოლატორში მყოფი ბაჩო ახალაია.