ტრადიცია, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია

ტრადიცია, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის  მნიშვნელოვანია

   "ვარდების მოედნიდან" საშობაო ალილოს მსვლელობა 14 საათზე დაიწყო.  მსვლელობას წინ თეთრ სტიქარში შემოსილი ბავშვები მიუძღვებიან, მათ უკან მიჰყვებიან მწყემსები და ეროვნულ სამოსში ჩაცმული მოქალაქეები.

 

   მსვლელობას თეატრალური სახე აქვს და მასში მონაწილეობენ ხარები, კამეჩები, ვირი. გამოტანილი აქვთ სპილოების, აქლემების და ჟირაფის მაკეტები. ალილოს მონაწილეები მოქალაქეებს მისალოც ბარათებს ურიგებენ. სასულიერო პირები შემხვედრებს ნაკურთხ წყალს აპკურებენ, აკმევენ საკმეველს, ისმის მრავალჟამიერი, ხალხური სიმღერები და საგალობლები.

 

   მეალილოებს რუსთაველზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილი და დეპუტატები დახვდნენ და ტკბილეული გადასცეს.

 

   -"ქრისტეშობის დღესასწაულს ყოველი ჩვენგანისთვის მოაქვს ახალი იმედი, ახალი სიხარული. ჩვენ, პარლამენტის წარმომადგენლები ტრადიციულ ღონისძიებაში - ალილოს მსვლელობაში ტრადიციისამებრ ვმონაწილეობთ, როცა ჩვენთან პატარა ანგელოზები მოვლენ. ჩვენ გვესტუმრნენ პატარები, რომლებმაც შობა მოგვილოცეს და მცირედი საჩუქრებით შობა მივულოცეთ მათ. ეს არის ტრადიცია, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: